25 აპრილი 2024,   00:21
ვრცლად
ზურაბ ჯაფარიძე "ნაციონალური მოძრაობისთვის" ბოდიშის მოხდას არ აპირებს

"გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე "ნაციონალური მოძრაობისთვის" ბოდიშის მოხდას არ აპირებს. როგორც ჯაფარიძე ამბობს, მისთვის უფრო ფასეულია სიმართლე ილაპარაკოს, ვიდრე რომელიმე პარტიის ხმები მიიღოს. ჯაფარიძეს თქმით, თავად მიხეილ სააკაშვილის განცხადებებია შეურაცხმყოფელი სხვა პარტიებისთვის.

"არა, არაფერი საბოდიშო არ მითქვამს და არც დამიწერია. რაც შეეხება იმას, მაინტერესებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების ხმები. მე არსად მითქვამს, რომ არ მაინტერესებს, მე რაც ვთქვი იყო ის, რომ სალომე სამადაშვილმა იმ გადაცემაში საკითხი დააყენა ასე, რომ მე თავი უნდა დავანებო სიმართლის საუბარს, თუ მე მინდა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების ხმები მივიღო, რაზეც ჩემი პასუხი იყო, რომ ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ნებისმიერი ხმები. თუ რამე შეიძლება შეფასდეს როგორც თავდასხმა, იყო სააკაშვილის მიმართვის ტონი, სადაც ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოგვიხსენიებდა როგორც პარტუკები და პოლიტიკანები, შეურაცხმყოფელი ეს იყო, მე მსგავსი შეურაცხმყოფელი არაფერი, არცერთი ტერმინი არ მიხმარია," - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ. 

ცნობისთვის, "ნაციონალურ მოძრაობასა" და "გირჩის" ლიდერს შორის დაპირისპირების შემდეგ, დღეს მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები ზურაბ ჯაფარიძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. საქმე უკავშირდება "გირჩის" ლიდერის განცხადებებს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისთვის" შეურაცხმყოფელია.

დღის ამბები