25 აპრილი 2024,   03:54
ვრცლად
დღეს პარლამენტში "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ

"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესს აზუსტებს, დღეს დეპუტატების განხილვის თემა კიდევ ერთხელ გახდება. საკითხზე მსჯელობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, მესამე მოსმენით იგეგმება.

საპარლამენტო ოპოზიციისთვის ცვლილებები მიუღებელია.

"სასამართლოს რეფორმას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმირება, რასაც "ქართული ოცნება" არ აკეთებს, რადგან ბიძინა ივანიშვილს სჭირდება მორჩილი სასამართლო ხელისუფლება, საკუთარი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად. შესაბამისად, ეს ცვლილებებიც არის კოსმეტიკური და არსებითად არაფერს ცვლის სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით,"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ. 

"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის მტკიცებით, პროექტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფით მომზადდა.

"ეს ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. კერძოდ, ისევე არაგამჭვირვალედ შეეძლებათ დანიშნონ მოსამართლეები. ამიტომ, როდესაც "ქართული ოცნება" შეიცვლება და ხელისუფლება გადავა ოპოზიციაში, აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები სასამართლოს გათავისუფლების კუთხითაც, რომ არავის აღარ შეეძლოს მოსამართლეების კონტროლი, კლანის თუ სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით გაამყაროს ერთი ადამიანის კონტროლი სასამართლოზე,"-განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ დოკუმენტში შენიშვნები და სამი ფუნდამენტური რეკომენდაცია უკვე ასახულია და მზად არიან, კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაუგზავნონ.

"მთავარი, რაც იცვლება, გახლავთ დასაბუთების მომენტი, შემოდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ მათი გადაწყვეტილების დასაბუთების საკითხი და კანდიდატების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხი. იგეგმება კომიტეტზე განხილვა და შემდგომ უკვე პლენარულ სესიაზე,"-განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა დავით მათიკაშვილმა. 

დღის ამბები