პარლამენტის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან "ძალა ერთობაშია" ნიკა მელიას ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მას და მის მხარდამჭერებს კვერცხები და ქვები დაუშინეს. ინციდენტზე საუბრობს შეხვედრაზე მყოფი მოქალაქე ნათელა ხორგუაშვილიც.
"ვიდექით. მოსული იყო ბატონი ნიკა მელია და ხვდებოდა ამომრჩევლებს. უცებ ხმა გავიგეთ და კვერცხები ფეხებში მოხვდა ჩემს მეზობელს. არავინ არ დამინახავს, არ ვიცი ვინ იყო," - აცხადებს მოქალაქე.
"ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამტკიცებს, რომ ეს მმართველი გუნდის მხრიდან მიზანმიმართული პროვოკაციაა
"ვესაუბრები მოსახლეობას და ამ დროს "ქართული ოცნება" ვიღაცას ავალებს რომ სახურავიდან ან მაღალი სართულიდან ქვა ესროლოს კონკურენტს. ბავშვს რომ მოხვედროდა? ქალს რომ მოხვედროდა? ბებიას რომ მოხვედროდა? მერე სად მიდიოდა "ქართული ოცნების" ხელისუფლება? რატომ ჰგონიათ, რომ ქვას თუ გვესვრიან და ბლოკებს დაგვიმიზნებენ ამით ხალხი შეშინდება, 31 ოქტომბერს ხალხი მივა და ხმას არ მისცემს ოპოზიციას? როგორც არასდროს, დავრწმუნდი, რომ ხელისუფლება განსაკუთრებით გლდანში, პირველივე ტურში დამარცხდება,"-განაცხადა ნიკა მელიამ.