"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა კი აცხადებს, რომ საქართველოს პირველი არხის გაუქმების საკითხზე, ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იმსჯელებს.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება, ოპოზიცია ერთობლივად იმსჯელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების საკითხზე, – ასეთი კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატ კახა ოქრიაშვილის განცხადებაზე, რომ "ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს პირველი არხი უნდა გავაუქმოთ".
როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, როდესაც ხალხი თავისი ჯიბიდან აფინანსებს ტელევიზიას, სურს, იხილოს დამოუკიდებელი ტელევიზია.
"ბოლო რამდენიმე წელია, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი მუდმივად ეცემა, ჩემი აზრით, ეს პირდაპირ იმასთან არის დაკავშირებული, რომ ამ ტელევიზიას, ხშირ შემთხვევაში სარედაქციო დამოუკიდებლობა არ გააჩნია და რა თქმა უნდა, ხალხს სურს, რომ საკუთარი ფულით ფინანსდებოდეს ის ტელევიზია, რომელიც მათ მოსაზრებებს გამოხატავს. არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ოპოზიცია ერთობლივად იმსჯელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების შესახებ,"- აცხადებს თინა ბოკუჩავა.
"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, საქართველოს პირველი არხი არჩევნების შემდეგ უნდა გაუქმდეს.