19 აპრილი 2024,   04:34
ვრცლად
გენერალური მდივნის მხრიდან უმაღლესი შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს - დავით ზალკალიანი

გენერალური მდივნის მხრიდან უმაღლესი შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს და აღინიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში, როგორც დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით, ისე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული რეფორმებით და მან მოგვიწოდა, რომ მომავალში გავაგრძელოთ და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი კონსოლიდაცია დემოკრატიული პროცესებისა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს მართავს უმაღლესი თანამდებობის ყველა პირთან, ვინც ფიზიკურად იმყოფება დღეს ბრიუსელში.

"უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტია გამომდინარე იქიდან, რომ მოგეხსენებათ დღეს, Covid-19-ის პირობებში, თავად ის ფაქტი, რომ ვიზიტი იმართება როგორც ევროკავშირში, ისე ნატო-ში უმაღლეს დონეზე და ფაქტიურად, პრემიერ-მინისტრს აქვს  შეხვედრა უმაღლესი თანამდებობის ყველა პირთან, ვინც ფიზიკურად იმყოფება დღეს ბრიუსელში და დროის თვალსაზრისით და შინაარსიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები გაიმართება, რამდენიმე უკვე გაიმართა კიდეც. მე, ამ მომენტისთვის, განსაკუთრებით აღვნიშნავდი ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას, სადაც იყო უაღრესად შინაარსიანი განხილვა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ძირითად პროცესებთან დაკავშირებით, ასევე, რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან მიმართებაში,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მან დეტალურად ისაუბრა იმ საკითხების შესახებ, რაზეც ყურადღება გამახვილდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის გამართული შეხვედრისას.

"აღინიშნა, რომ საქართველო არის უაღრესად ფასეული პარტნიორი ნატო-სთვის. ის კონტრიბუცია, რომელიც ჩვენ შეგვაქვს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში არის უაღრესად დაფასებული ნატო-ს მხრიდან. პრემიერის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოებასა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე. ეს არის ახალი განზომილება ნატო-სთვის და აქ საქართველოს როლი არის უაღრესად მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი - საქართველო, როგორც დამაკავშირებელი და  საქართველო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რეგიონში ჩვენი ევროპელი და ნატოელი პარტნიორების ინტერესი. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის წევრობა და სწორედ, ის პრაქტიკული ინსტრუმენტები, როგორიცაა ერთობლივი პაკეტი, ყოველწლიური პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს და ეს იყო ხაზგასმით აღნიშნული შეხვედრაზე, არის მნიშვნელოვანი გარანტორი იმისა, რომ საქართველო აუცილებლად მიაღწევს თავის საბოლოო მიზანს წევრობაზე,"- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღის ამბები