25 აპრილი 2024,   18:46
ვრცლად
გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან ჩვენი მეგობრები არჩევნებს - გიორგი კანდელაკი   

ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისა და ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ როგორც იენს სტოლტენბერგის განცხადება, ასევე ევროპარლამენტის რეზოლუცია მიუთითებს იმაზე, რომ პარტნიორები 31 ოქტომბრის არჩევნებს განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან.

"ბატონი სტოლტენბერგის განცხადება, ისე როგორც მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუცია, სულ რამდენიმე დღის წინ კონგრესმენების, სენატორების განცხადებები გვაჩვენებს, რომ გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან ჩვენი მეგობრები ჩვენს არჩევნებს, არჩევნების შემდეგი კი, რა თქმა უნდა, კოალიციურ მთავრობას ექნება ამჟამინდელისგან განსხვავებით, ბევრად უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკა და ნატოში გაწევრიანების საკითხიც ამჟამინდელი გაყინული მდგომარეობისგან ბევრად უფრო აქტიურად დაიძვრება,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის ბევრ რამეს განსაზღვრას, მათ შორის ქვეყნის ნატოსთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივას. 

"როდესაც ნატოს გენერალური მდივანი ერთის მხრივ უცხადებს მხარდაჭერას ჩვენს ქვეყანას და გამოთქვამს იმედს, რომ გაგრძელდეს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები ნატოსა და საქართველოს შორის და მეორეს მხრივ საუბრობს ისეთ პრობლემებზე, როგორიც არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ქვეყანაში და გვაფრთხილებს, რომ მოახლოებული არჩევნები იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი ტესტი ჩვენი ქვეყნისთვის, ვფიქრობ, რომ გზავნილი არის ძალიან ნათელი - დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები 31 ოქტომბერს, განსაზღვრას სხვა ბევრ რამესთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ნატოსთან თანამშრომლობის პერსპექტივას,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა ამბობს, რომ გზავნილები, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა გააჟღერა, ადასტურებს იმას, რომ საქართველოსა და ნატოს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა და ცხადყოფს იმას, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას.

"მოლოდინი საქართველოს მხრიდან, რომ ჩატარდეს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები, ძალიან მაღალია ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ეს მოლოდინი არსებობს პირველ რიგში იმიტომ რომ ჩვენ ბევრ გზის დავამტკიცეთ, რომ შეგვწევს უნარი თავისუფალი, დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული არჩევნები ჩავატაროთ. დარწმუნებული ვარ, ამ გამოცდასაც ძალიან ღირსეულად ჩააბარებს საქართველო. ძალიან სასიამოვნო დასანახია, როდესაც პრესკონფერენციაზე ჩვენი ქვეყნის ლიდერი და ნატოს გენერალური მდივანი ასეთ პოზიტიურ შეფასებებს აკეთებენ ნატოს და საქართველოს თანამშრომლობის კუთხით. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი გზავნილი იმისა, რომ ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ვადგავართ სწორ გზას,“ - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

დღის ამბები