19 აპრილი 2024,   18:10
ვრცლად
მავნებლობა და დესტრუქცია ერთ-ერთი საგანგებო რესურსია, რომელსაც იყენებს ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი - გია ვოლსკი

მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს, მანამდე კი საკანონმდებლო ორგანოში, ერთ-ერთი ბოლო სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა გასული ოთხი წლის მუშაობის შედეგები შეაფასეს. ხელისუფლებამ კი მიღწევებზე საუბრისთვის გამოიყენა.

"ქართული ოცნების" წევრებმა ძირითადად ყურადღება იმ მიღწევებზე გაამახვილეს, რომლებზეც მათი აზრით ამ 4 წლის განმავლობაში პარლამენტი მუშაობდა. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საარჩევნო კოდექსი  და საკონსტიტუციო ცვლილებები ახსენეს, თუმცა ისიც განაცხადეს, რომ ყველა მსგავსი მნიშვნელოვანი რეფორმის  მიღება ოპოზიციონერი დეპუტატების საპარლამენტო საქმიანობაში ჩარევის გარეშე მოხდა.

"მიაქციეთ ყურადღება, წინასაარჩევნო პერიოდში რა პროცესები მიდის და სამწუხაროდ მივალთ იქამდე, რომ მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც იყენებს ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი. ვერ შემოიჭრნენ პარლამენტში. არ დაგვიწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები. რაც უფრო პოზიტივში იქნება საქართველო ამ ურთულეს პირობებში მოხსენიებული, მეტი გააფთრებით იქნებიან შემოსეულები რეალობას ის სვავები, რომლებიც ხანდახან განცხადებებით, ხანდახან კი თავისი მართული საინფორმაციო საშუალებებით უტევენ ქვეყნის იმიჯს და სტაბილურობას," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან და დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ, სიმბოლურად განასახიერებს იმას, რომ მომდევნო პარლამენტში მათი ადგილი აღარ იქნება.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, მეცხრე მოწვევის პარლამენტში ბევრი ირონიული, ცინიკური, ისტერიული და გადაჭარბებული მადლობა მოგვისმენია, თუმცა გულწრფელ მადლობასაც ჰქონდა ადგილი.

"ჩვენ ბევრი მადლობა მოგვისმენია საქართველოს პარლამენტში, ბევრი ირონიული, ცინიკური, ისტერიული და გადაჭარბებულიც კი, მაგრამ გულწრფელი მადლობაც მოგვისმენია. მე მინდა მადლობა ვუთხრა მე-9 მოწვევის პარლამენტს უდიდესი გამოცდილებისთვის. მადლობა სამაგალითო ოპოზიციას - "ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს", რომელთა მაგალითზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბოროტება ვერასოდეს გაიმარჯვებს სიკეთეზე. მადლობა "პატრიოტთა ალიანსს, რადგან მივხვდით, რომ რაც არ უნდა პატრიოტული სახელი დაირქვა, ქართული ხალხი ოკუპანტის ნარატივით პოზიციონირებას არასოდეს გაპატიებს,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები