20 აპრილი 2024,   14:45
ვრცლად
"არჩევნების წაგების გადაფარვის მიზნით დაიწყება მასობრივი ცემა-ტყეპა" - მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში ოპოზიცია მმართველ გუნდს ადანაშაულებს

მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით არის აღძრული. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენ პირთა დასაკავებლად. მორიგი ინციდენტი ქვემო ქართლში გვიან ღამით მოხდა.

"ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მომხდართან დაკავშირებით ერთიანი "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს, "ქართულ ოცნებაში" კი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი - მათ შორის ჟურნალისტები და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები.

"ჩვენი 3 ადამიანი სასტიკად არის ნაცემი, მანქანა დამსხვრეულია, ჟურნალისტები გალახული, კადრები არსებობს, ბატონებო ყველაფერს მიიღებთ რაც დაიმსახურეთ, დაპირისპირების მიზეზი რა არის იცით? არჩევნებს აგებენ და ამ არჩევნების წაგების გადაფარვის მიზნით ახლა დაიწყება მასობრივი ცემა-ტყეპა მთელ ქვეყანაში და დაგადანაშაულებენ თქვენ - ჟურნალისტებს, ჩვენ - ოპოზიციას და საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც ოლიგარქიული რეჟიმის ქველმოქმედება 8 წლის განმავლობაში სათანადოდ ვერ შეაფასა," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.

მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის"  მურად მურადოვი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ამ ქმედებებით საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილის დაშინებას გეგმავს, თუმცა ამას შედეგი მაინც არ ექნება:

"ეს არის უკვე წაგებისთვის განწირული პარტიის ბოლო ნაბიჯები, ამით უნდათ, რომ ოპოზიცია დააშინონ, სამოქალაქო საზოგადოება დააშინონ და ზოგადად საზოგადოება, მაგრამ ამით ვერავის დააშინებენ და ვერაფერს მიაღწევენ, ესენი არიან წაგებისთვის განწირული პარტია," - განაცხადა მურად მურადოვმა.

 

დღის ამბები