25 აპრილი 2024,   20:48
ვრცლად
დღევანდელ სესიაზე "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცება იგეგმება

"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცება დღევანდელ სესიაზე იგეგმება. მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ კენჭისყრამდე ვენეციის კომისია ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციების გამოგზავნა დროულად ვერ მოხერხდა - "ქართული ოცნება" არ გამორიცხავს საჭირო გახდეს რიგგარეშე სესიის ფორმატში დეპუტატების კიდევ ერთხელ შეკრება.

ოპოზიცია სასამართლო სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და არ გაითვალისწინა მართლმსაჯულების სისტემაში კვლავ ძლიერია კლანის მმართველობა:

"უზენაეს სასამართლოში ივანიშვილის ხელისუფლებამ უვადოდ დანიშნა თავისი მორჩილი მოსამართლეები. ამ პროცესში არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები და ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ სასამართლო რეფორმის ფუნდამენტური ცვლილებაა საჭირო და "ევროპულ საქართველოს" სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აქვს ამ ცვლილებების გეგმა, რომელიც გულისხმობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ბოლომდე ამოქმედებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და უცხოელი მოსამართლეების დროებით მოწვევას ზედა ინსტანციის სასამართლოებში, ხოლო კლანის მმართველობის სამუდამო დამთავრებას - აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე.

ცვლილებებს ფასადურს უწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე:

"ეს კანონი საერთოდ არაფერს ცვლის, ეს არის იმიტაცია რაღაცა ქმედებებისა, ფასადური გადაწყვეტილებაა, ვინაიდან კვლავ არის პროცესი გაუმჭვირვალე და კვლავ აძლევს შესაძლებლობას სასამართლო კლანს მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რაც გვინახავს არაერთხელ" - განაცხადა რომან გოცირიძემ.

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ყველაფერი კეთდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულებასთან დაკავშირებით და ცვლილებები, რომლის მიღებაც იგეგმება, სასამართლოს რეფორმირებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია:

"გვექნება ჩვენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომლებსაც კიდევ ერთხელ შევისწავლით ყურადღებით და ამავე კვირაში ჩვენ მივიღებთ მესამე მოსმენით უკვე ამ დაზუსტებულ ცვლილებებს, რომელიც იქნება კიდევ ერთხელ წინ გადადგმული ნაბიჯი, როგორც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე სასამართლოს საკითხებთან დაკავშირებულ ამ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან მიმართებით საკითხების დაზუსტებასთან დაკავშირებით," - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები