24 აპრილი 2024,   00:23
ვრცლად
ნაცემი ჟურნალისტები, დამტვრეული ტექნიკა - მარნეულში კონფლიქტში მონაწილე მხარეები ჩხუბის სხვადასხვა ვერსიებს ავრცელებენ

მარნეულის პოლიციაში ფიზიკური დაპირისპირების მონაწილე მხარეების გამოკითხვა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. პოლიციაში იმყოფებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორიც, რომელსაც დაპირისპირების დროს კამერა დაუზიანდა. ასევე კლინიკაში მოხვდა მთავარი არხის ჟურნალისტი, რომელიც მოგვიანებით თბილისში გადმოიყვანეს. მარნეულში გამოკითხვიდან გამოსული "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წევრები კი პროვოკაციის მოწყობაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. საგამოძიებო უწყებას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

ღამით ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა პარტია "ქართულმა ოცნებამ."

ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება ინციდენტის დროს დაშვებული რამდენიმე ადამიანი. ექიმები ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობას საყურადღებოდ მიიჩნევენ - მას სახის ძვლები აქვს ჩამსხვრეული. დაზარალებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლებიც. კლინიკაში რჩება საზოგადოებრივი არხის ოპერატორი. მთავარი არხის ჟურნალისტმა კი საავადმყოფო გვიან ღამით დატოვა. დაშავებულების ახლობლები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

ჩხუბი მარნეულის ცენტრში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" აქტივისტებს შორის, მათივე ინფორმაციით, შელაპარაკებით დაიწყო. დაზიანებულია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლაშა ქველაძის ავტომობილი. დაპირისპირების მონაწილეებმა დაამსხვრიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეო კამერა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს. პოლიტიკოსები პროვოკაციული ფონის შექმნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მარნეულში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას "ღამის კურიერში" გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარიას თქმით, მისი უწყება წინასაარჩევნო პროცესებს ყურადღებით აკვირდება და სწავლობს. ომბუდსმენი მოითხოვს რომ ჩხუბში მონაწილე ყველა პირი, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.

მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

დღის ამბები