25 აპრილი 2024,   11:02
ვრცლად
არც ამომრჩეველი, არც საერთაშორისო თანამეგობრობა ხელისუფლებას არ აპატიებს არჩევნების ძალადობით ჩატარებას - რომან გოცირიძე

მარნეულში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიცია დანაშაულში და ძალადობის წახალისებაში "ქართულ ოცნებას" სდებს ბრალს.

"ეს არის ერთი და იგივე სცენარი, აი ასე იწყებს ხელისუფლება, ძალადობა, რომლის მთავარი მიზანიც არის მოქალაქეების დაშინება, არა მხოლოდ იმ აქტივისტების, რომლებზეც ხორციელდება თავდასხმა, არამედ ყველა იმ ადამიანის, რომელიც შესაძლებელია, რომ არ უჭერდეს ხელისუფლებას მხარს. არავინ, არც ქართველი ამომრჩეველი, არც საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ხელისუფლებას არ აპატიებს არჩევნების ძალადობით და მოსყიდვით ჩატარებას. ამის შესახებ არაერთი გაფრთხილება მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ. ერთი თვის განმავლობაში 2-ჯერ გააფრთხილა აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციამ," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნების მოგებას ძალადობის გზით ცდილობს:

"მინდა ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ძალადობის თითოეულ მსხვერპლს. ეს არის გზა, რომლითაც როგორც ჩანს "ქართული ოცნება" ცდილობს არჩევნების მოგებას, ვინაიდან დღეს ქვეყანა არის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება კიდევ ერთხელ აგვარჩევინოს ცუდი, უარესის შიშით, არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება სამოქალაქო დაპირისპირების, ძალადობის და განხეთქილების გზაზე დააყენოს ქვეყანა. კატეგორიულად ვგმობთ ხელისუფლების მხრიდან დასპონსორებულ ძალადობას, მოვითხოვთ თითოეული იმ ადამიანის დასჯას, ვინც მონაწილეობდა და აორგანიზებდა ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობას. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას ნუ შეგეშინდებათ," - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

სწრაფი და ობიექტური გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობენ "სტრატეგია აღმაშენებელში". თეონა აქუბარდიას თქმით, მსგავსი დაძაბული ფონი ხელს არ უწყობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რასაც საქართველოსგან მისი სტრატეგიული პარტნიორები ითხოვენ:

"რა თქმა უნდა, ასეთი ინციდენტების დროს ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, "ქართული ოცნების" გუშინდელ განცხადებაში, ნაცვლად იმისა, რომ მთავარ საკითხად დაეყენებინათ გამოძიება, დღეს ისევ გვესმის, რომ ეს არის დესტრუქციული ძალები, სახელმწიფო გადატრიალება, დესტაბილიზაციის მცდელობა და ეს არ უწყობს ხელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ქმნის დაძაბულობის ფონს," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები