დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო მონაკვეთზე, 2006-2007 წლებში დაშვებული სავარაუდო შეცდომების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას, გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ეს აბსურდული ბრალდებაა და მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ პროკურატურის ახლა გააქტიურება, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომლის მთავარი ამოცანა ისევ ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წევრების დევნაა.
"ეს არის სრულიად აბსურდული ბრალდება, ეს არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი განაცხადი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას იყენებს ერთადერთი მიზნისთვის და ეს არის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ამ სისტემის გამოყენება. მე უშუალოდ არ ვმუშაობდი ამ პრობლემაზე, მე ვიყავი საქართველოს ელჩი ბრიუსელში აღნიშნულ პერიოდში, მაგრამ შემიძლია ზუსტად და დანამდვილებით გითხრათ, რომ ეს პრობლემა, რაც შეეხება აზერბაიჯანს და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციას და დემარკაციას, არის პრობლემა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე გრძელდებოდა, ამაზე მუშაობდა შესაბამისი კომისია, ამ კომისიის მუშაობა ფაქტიურად შეაჩერა "ქართულმა ოცნებამ," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
წინასაარჩევნოდ ოპონენტების დევნის გააქტიურებაზე საუბრობს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.
"მე ვიყავი ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტში და შესაბამისად, დავით გარეჯის თემასთან შეხება არ მქონია, ამიტომ არანაირ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვფლობ. მეორე, ის, რომ ეს ფაქტი 14 წლის შემდეგ წინასაარჩევნოდ ახსენდება "ქართულ ოცნებას", თავისთავად მეტყველებს იმაზე, რა ტიპის გამოძიებაზე და რა ტიპის ფაქტზეა საუბარი," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის ფაქტზე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.
თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით პროკურატურაში აცხადებენ, რომ კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.