18 აპრილი 2024,   19:56
ვრცლად
ესაა ხელისუფლების აგონიური, პანიკური ქმედებები... არ შეიძლება არჩევნები გადიოდეს ქვებზე და ცემა-ტყეპაზე - ოპოზიცია მარნეულში განვითარებულ მოვლენებზე

მარნეულში განვითარებულ ძალადობის ფაქტს ოპოზიციის წევრები ხელისუფლების აგონიას და პანიკური ქმედებებს უწოდებენ.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება და ისინი დროულ გამოძიებას მოითხოვენ.

"ხელისუფლება აგებს 31 ოქტომბრის არჩევნებს. ბიძინა ივანიშვილი ამას ძალიან კარგად ხვდება და განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც ეს წაგება პირველივე ტურში აქვს გარანტირებული, ხელისუფლება ყველაზე მეტად აქ მიმართავს, სწორედ, ძალადობას. ჩვენ ვიხილეთ ამგვარი ძალადობის აქტი არამხოლოდ მარნეულში, არამედ ბოლნისში, ასევე, გლდანში, სადაც ნიკა მელია არის კანდიდატი და დაუშინეს ქვები. ეს არის ხელისუფლების აგონიური, პანიკური ქმედებები, რომელსაც წაგებული აქვს არჩევნები," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ. 

"ხელისუფლება გადასულია ღია, დაუფარავ, მიზანმიმართულ ძალადობაზე იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სკამები. მათ შეუძლიათ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა შეწირონ პოლიტიკურ მიზნებს. ჩვენ ვნახეთ გუშინ უმძიმესი კადრები ადამიანის დაზიანების. პრაქტიკულად, უკვე ყოველდღე ვხედავთ უსასტიკეს მოპყრობას სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების მიმართ, ეს არის "ქართული ოცნების" სახე, ეს არის არჩევნების ის ფორმა რომელიც ჩვენ ვერ დავტოვეთ ისტორიაში უკან, ეს უნდა დასრულდეს, არ შეიძლება არჩევნები გადიოდეს ქვებზე და ცემა-ტყეპაზე," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ანზორ ბიწაძის თქმით, 
მმართველ პარტიაში სამწუხაროდ არ ესმით, რომ ძალადობის ფაქტებით ძალიან მძიმე რეალობის წინაშე დგანან. 

"თუკი გვყავს ხელისუფლება, რომელიც ასეთ პროვოკაციებს დგამს არის ერთი უბედურება, ხოლო თუკი გვყავს ხელისუფლება, რომლის პირობებში სხვა პარტია აწყობს ასეთ პროვოკაციას და მის დროულად პრევენციას ვერ ახერხებს, ეს არის მეორე უბედურება," - აღნიშნა ბიწაძემ.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის შეფასებით "ქართულ ოცნებას" ნდობა არ აქვს და ვერც ვერაფერს სთავაზობენ საზოგადოებას და სურთ, რომ სანახაობაზე გადაიტანონ ყურადღება.

პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ სიტუაცია უღირსად ვითარდება. მისი თქმით, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი მსგავს ფაქტებზე. როცა ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმა, ეს ქვეყნის იმიჯს ლახავს.

დღის ამბები