20 აპრილი 2024,   07:34
ვრცლად
2021 წლის ბიუჯეტის პროექტს საპარლამენტო კომიტეტებში დღეიდან განიხილავენ

საპარლამენტო კომიტეტებში დღეიდან მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი იმსჯელებს. ასევე, გაიმართება ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა.

დღის ბოლოს დაგეგმილია პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეკრება, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის იმ ნაწილზე იმსჯელებენ, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ სპეციალურ პროგრამებსა და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელ თანხებს ეხება.

ოპოზიცია პროტესტის ნიშნად ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. 

"ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობას ნამდვილად არ ვგეგმავთ, ამის აზრს ვერ ვხედავთ, იმდენად არაპროფესიონალურად არის შედგენილი საფინანსო დოკუმენტი, იმდენად არ ასახავს იმ უმწვავეს პრობლემებს და გამოწვევებს, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. ახლად ჩამოყალიბებულ კოალიციურ მთავრობას სწრაფ ტემპში მოუწევს ახალი ბიუჯეტის პროექტის შედგენა. ორი მილიარდი ლარი, რომელიც "ქართულ ოცნებას" გათვალისწინებული აქვს სხვადასხვა ბიუროკრატიული ხარჯის დაფინანსებასა და კორუფციულ პროექტებზე, მიემართოს იმ პროექტებზე, რომელიც რეალურად სჭირდება და რომლის მოლოდინი საზოგადოებას აქვს,"-განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ. 

მმართველი გუნდის წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილი კი ოპოზიციას განხილვაში მონაწილეობასა და შინაარსობრივ კამათში ჩართვისკენ მოუწოდებს. 

"ნუ კეკლუცობენ კამერების წინ, მოვიდნენ, მათი პირდაპირი მოვალეობა საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართულობაა, წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, ობიექტურად, შინაარსობრივად შემოვიდნენ მსჯელობაში და იქ გამოჩნდება სპეკულირებენ თუ არა. რაც არ უნდა სცადონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერას, პრიორიტეტულია, მეწარმეობა, ეკონომიკა, პოლიციელი, ჯარისკაცი, მასწავლებელი, პენსიონერი. შესაბამისად, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 


2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 1 147.6 მლნ ლარით იზრდება. 2021 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით, 2021 წელს სახელმწიფო ხარჯები 17 071.4 მლნ ლარითაა განსაზღვრული.

დღის ამბები