ზუგდიდში 14 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად ყველა მძევალი გათავისუფლებულია. ის ოთხი ადამიანი, რომლებთან ერთადაც თავდამსხმელი ბანკიდან გამოვიდა, მან გაურკვეველ ადგილას დატოვა და თავად მიმალვა მოახერხა.
მისი ძებნის ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. "კურიერმა"ექსკლუზიურად ჩაწერა ერთ-ერთი მძევალი, რომელიც თავდამსხმელმა ბოლოს გაათავისუფლა. ლაშა შენგელიამ "კურიერს" უთხრა, რომ მძარცველი მანქანაში ჰუმანურად იქცეოდა და მათი გათავისუფლება ყველანაირი პირობის გარეშე მოხდა.
თავდამსხმელი რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლებთან ერთად უმისამართოდ გადაადგილდებოდა. ბოლო წუთამდე მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავა, რომელიც თავდამსხმელთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა და ის საკუთარი სურვილით სხვა მძევლების თავისუფლების სანაცვლოდ ჩაბარდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის ორი საათისთვის შეიჭრა. ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით, 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.
ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.
მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი უსაფრთხოდ არის, თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.