სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ვითარება ისევ დაძაბულია. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დეფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ ღამით აზერბაიჯანულმა მხარემ იერიში მიიტანა დასახლებულ პუნქტებზე. სომხური მედიის ცნობით, მოწინააღმდეგე ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მიმართულებით.
ოფიციალური ბაქო კი ირწმუნება, რომ აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს მოწინააღმდეგე მხარემ გაუხსნა ცეცხლი. მათმა სამხედრო ძალებმა კი კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიები გააფართოვეს.
"ფოქს ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიუღებელია კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია, რასაც, ალიევის თქმით, ერევანი ცდილობს.
"მიუღებელია კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია, ჩვენ არ გვსურს მთიანი ყარაბაღის საკითხში უცხო ქვეყნები ჩაერიონ. სომხეთს იმედი აქვს, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები საომარ მდგომარეობას შეაჩერებს, თუმცა ეს ასე არ მოხდება, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნები ვალდებულები არიან შეაჩერონ სომხეთი. ისინი ჩვენი, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიისთვის იბრძვიან," - განაცხადა ალიევმა.