24 აპრილი 2024,   20:52
ვრცლად
ოპოზიციურ პარტიებთან კავშირში მყოფი სადამკვირვებლო ორგანიზაციები - თეა წულუკიანის ბრალდება და პასუხი ყოფილ მინისტრს

ოპოზიცია გარკვეული სქემით არჩევნების დღეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას გეგმავს - ბრალდებები დღეს თეა წულუკიანმა გაახმოვანა. საგანგებო ბრიფინგზე "ქართული ოცნების" ლიდერმა ის სადამკვირვებლო ორგანიზაციები წარმოადგინა, რომლებიც მისი ინფორმაციით, ოპოზიციურ პარტიებთან არიან კავშირში. თეა წულუკიანის ბრალდების ადრესატი 32 ორგანიზაცია და 4 პარტიაა.   

თეა წულუკიანის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებთან აფელირებაში დაადანაშაულა. მათი განცხადებით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურ შეხედულებებს და ისინი მხოლოდ დააკვირდებიან არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პროცესს.

"საქართველოს კანონმდებლობით, თუ შენ რამდენიმე წლის განმავლობაში არ ახორციელებ სამეთვალყურეო მისიებს, შენ უფლება არ გაქვს რომ დარეგისტრირდე. თქვენ რომ დღეს წახვიდეთ იუსტიციის სამინისტროში და დაარეგისტრიროთ არასამთავრობო ორგანიზაცია, უფლება არ გექნებათ დამკვირვებლის. მაგალითად, ჩემი ორგანიზაცია იყო დარეგისტრირებული 2014 წელს, დამკვირვებელი იყო 2016-17-18 წლის არჩევნებზე, ასევე დამკვირვებელი იყო უკრაინაში ეს ორგანიზაცია, ასევე დამკვირვებელი იყო უკრაინაში, ასევე შუა აზიაში და აზერბაიჯანში," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა დიმიტრი შაშკინმა.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამბობს, რომ საქართველოში არიან სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან აფილირებული არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან.

"სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფები არსებობს, ზოგი მათგანი პოლიტიკური შეხედულების მქონეა, მაგრამ ჩვენ გვყავს ქვეყანაში მრავალწლიანი ტრადიციის სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან აფილირებული არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან და იყვნენ კრიტიკულები წინა ხელისუფლების დროს, არიან კრიტიკულები ახლა. თუმცა ახლა ხდება მათი დემონიზება ტიპიური ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მეთოდებით,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

განმარტება გააკეთა "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ.

"მე ვიყავი 2016 წელს ჩემი მეგობარი ირაკლი ბერიაშვილის შტაბის ხელმძღვანელი მცხეთაში. დღეს ირაკლი ბერიაშვილი არც პოლიტიკაში არ არის და არც მე არ ვარ პარტიის წევრი, რომელი პარტიიდანაც ის იყო მაჟორიტარი. ეს არის ურთიერთობები, რომელიც მე მაქვს როგორც სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებთან, მაგალითად გადაღებული მაქვს ფოტო აჩიკო თალაკვაძესთან და მათ სხვა ლიდერებთან. ასევე, ჩემი პირადი ურთიერთობები მაკავშირებს რამდენიმე ადამიანთან, რომელიც დღეს წარმოადგენს ოპოზიციურ პარტიებს,“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

დღის ამბები