25 აპრილი 2024,   12:49
ვრცლად
წინასწარ იცოდეს ყველამ, ვინ რომელ პოლიტიკურ ძალასთან არის დაკავშირებული - კახა კუჭავა დამკვირვებელ ორგანიზაციებზე

იუსტიციის ყოფილი მინისტრის განცხადებას, როდესაც თეა წულუკიანმა ოპოზიციურ პარტიებთან კავშირში მყოფი სადამკვირვებლო ორგანიზაციები წარმოადგინა, თავად მმართველ გუნდში ეხმაურებიან. თეა წულუკიანის ბრალდების ადრესატი 32 ორგანიზაცია და 4 პარტიაა.

"ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ წინასწარ უნდა იცოდეს ყველამ, ვინ რომელ პოლიტიკურ ძალასთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, მათ მიერ გაკეთებულ სხვადასხვა განცხადებას მოსახლეობა არ ენდოს. 

"ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც იყვნენ აქტიურები და რა თქმა უნდა, დღესაც იქნებიან აქტიურები. სამწუხაროდ იყო ისეთი პრაქტიკა, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლებს გარკვეული განცხადებების ჩაწერა მოუწიათ თავიანთ საბოლოო ანგარიშებში, რომელიც აღმოჩნდა შემდეგ, რომ იყო სიცრუე. ზუსტად ამის პრევენციას ემსახურება ეს. წინასწარ იცოდეს ყველამ, ვინ რომელ პოლიტიკურ ძალასთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, მათ მიერ გაკეთებულ სხვადასხვა განცხადებას არ შეიძლება პირდაპირ ვენდოთ და რა თქმა უნდა, უნდა გადამოწმდეს, სანამ ამა თუ იმ ანგარიშში მოხვდება,“ - განაცხადა კახა კუჭავამ. 

პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე ამბობს, რომ გამოიკვეთა რადენიმე ორგანიზაცია, რომლებიც  პირდაპირ კავშირში არიან კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან. 

"რეალურად გამოიკვეთა, რომ არის ორგანიზაციათა გარკვეული რაოდენობა, რომლებიც პირდაპირ ილინკება და არის პირდაპირ კავშირში კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან. წარმოდგენილ ანგარიშში თქვენ კატალოგთან ერთად გაქვთ საშუალება, რომ იხილოთ ის ღია წყაროების ლინკები, რომელიც პირდაპირ იძლევა იმ ინფორმაციას, რომელიც არის საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, როგორ ხდება დამფუძნებლების უცებ გასვლა, გამგეობის თავმჯდომარეების გასვლა და ახალი პირების უცნობი პირებით მათი ჩანაცვლება,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები