"რუსთავი 2" -ის მიერ დაკვეთილი ბოლო კვლევის შედეგებს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ საზოგადოება მხარს "ქართულ ოცნებას" დაუჭერს.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრის თეა წულუკიანის განცხადებით, მხარდაჭერა მაღალია იმისათვის, რომ "ქართულ ოცნება" პარლამენტში მნიშვნელოვანი უმრავლესობით იყოს წარმოდგენილი.
"ჩვენ ვხედავთ ბოლო დღეებში და მანამდეც გამოქვეყნებულ სხვადასხვა კვლევას, ასევე ჩვენი პარტია და თითოეული ჩვენგანი ვართ მუდმივ კონტაქტში ამომრჩეველთან და ყველაფერი ეს მოწმობს იმას, რომ მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" და ჩვენს გუნდს აქვს 60%-მდე მხარდაჭერა ჩვენი ამომრჩევლის. ჩვენ უბრალოდ ვუყურებთ ციფრებს, იმ განწყობებს, რაც არის ამომრჩეველთან შეხვედრისას და ვფიქრობთ, რომ მხარდაჭერა არის მაღალი იმისათვის, რომ "ქართულ ოცნებას" ჰქონდეს საფუძვლიანი განცდა, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" შექმნის ყველა სხვა პარტიისგან დამოუკიდებლად მთავრობას და პარლამენტშიც იქნება მნიშვნელოვანი უმრავლესობით წარმოდგენილი,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ამბობს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებში გაცილებით მაღალ შედეგს აჩვენებს.
"ყველა კვლევით ძალიან კარგად ჩანს და პირდაპირ შეიძლება ამის ამოკითხვა, ყველა კვლევით, მათ შორის თუ რა თქმა უნდა, სრულიად დასრულებულ კვლევებს ნახავთ თავისი ალოკაციით, რომ "ქართული ოცნება" ძალიან დამაჯერებლად იმარჯვებს და 55%, ვიტყოდი პესიმისტური შეფასებაა, გაცილებით მეტს შევძლებთ,“ - განაცხადა კახა კუჭავამ.
ოპოზიციაში კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ კვლევის შედეგები რეალურ სურათს არ ასახავს.
"ვემზადებით ძალიან სერიოზული შედეგის დასადებად. ასე, რომ სხვადასხვა კვლევებით, ჩვენთვის დაწერილი ესა თუ ის პროცენტი ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ გავიგოთ გარკვეული განწყობები სხვადასხვა წარმომადგენელთა მიმართ,“ - განაცხადა პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ.