20 აპრილი 2024,   00:18
ვრცლად
რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს - ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ოპოზიციის მიერ ერთ-ერთი კომპანიისთვის დაკვეთილი კვლევა და საზოგადოების მიმართ დასული შეკითხვა მწვავედ გააკრიტიკა.

საუბარია  "აიპიემისთვის" დაკვეთილ კვლევაზე, სადაც ერთ-ერთი კითხვაა: "პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ." 

ირაკლი კობახიძე კვლევას და დასმულ შეკითხვას ყოველგვარი ჩარჩოდან გასულს უწოდებს.  

"ყოველგვარი ჩარჩოებიდან გასვლად უნდა შეფასდეს რადიკალური ოპოზიციის მიერ მათთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიისთვის - “აიპიემისთვის” დაკვეთილი კვლევა, რომლის ანკეტაშიც ჩაწერეს კითხვა - პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ.

და ამ კითხვის პასუხებში მოქალაქეებს, სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირების და შიმშილობის კვალდაკვალ, ასარჩევად შესთავაზეს გამაოგნებელი პასუხები - სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება!

ეს ნიშნავს, რომ 2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს!

ეს არის სრულიად გამაოგნებელი ფაქტი და არანაკლებ გამაოგნებელია მათი პარტნიორი კვლევითი კომპანიის წარმომადგენლების რეაქცია ჟურნალისტის კითხვაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით.

კვლევითი კომპანიები  ინფორმირებულები არიან და იციან მოსახლეობის რეალური განწყობები. “აიპიემის" წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რომ მათ ფავორიტ პოლიტიკურ ჯგუფებს არჩევნებში გამარჯვების არავითარი პერსპექტივა არა აქვთ. ამ მათთვის სამწუხარო ფაქტის გამო, მათ საერთოდ დაკარგეს სახე და იმ კომპანიის წარმომადგენელმა, რომელიც პოლიტიკური რეიტინგების კვლევის გარდა, დაკავებულია მედიის რეიტინგების გაზომვით, მედიის წარმომადგენელი უშვერი სიტყვებით გალანძღა და არაეთიკური ტერმინებით დაუწყო საქმის გარჩევა. 

ამასთან, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს. “ნაციონალურ მოძრაობას”, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური  შტაბი კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის ამოცანაც არის მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება. ამ თვალსაზრისით, ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე - ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი.

გვინდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება. აქ არის სახელმწიფო, აქ არის ხელისუფლება და არავის, მით უმეტეს კრიმინალურ ოპოზიციას არ ექნება რაიმე დესტრუქციული ქმედების მკაცრი სასჯელის გარეშე განხორციელების შესაძლებლობა," - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები