მეათე მოწვევის პარლამენტის ფორმირებისთვის ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი მოქმედებს. პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია ან ბლოკი უმრავლესობის მოპოვებას და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.
საარჩევნო სისტემა 2020 წლის მოწვევის პარლამენტისთვის პროპორციული და მაჟორიტარული წესით ჯამურად მიღებული მანდატების მარჟას ადგენს. დადგენილია ზღვარი, რომელიც ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას იმ შემთხვევაში გამორიცხავს, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40%-ზე ნაკლებს მიიღებს.
"ჩამკეტი მექანიზმით", მანდატების საერთო რაოდენობაში პარტიის მიერ პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს. მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან მოაკლდება. ეს მანდატები პროპორციულად გადანაწილდება იმ სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.