20 აპრილი 2024,   02:31
ვრცლად
თითქმის 6 თეთრით გაუფასურებული ლარი - ექსპერტები ეროვნული ვალუტის ვარდნას ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ

თუ პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში დროულად არ განიმუხტება საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება - აცხადებენ ეკონომიკური ექსპერტები და ეროვნული ვალუტის ვარდნას სწორედ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ. მათი ნაწილი თვლის, რომ ეროვნულმა ბანკმა რეზერვების ხარჯვა არაადეკვატურად მოახდინა, შედეგად კი შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესებული ვითარება მივიღოთ. ანალიტიკოსები ეროვნული ვალუტის ვარდნას მსოფლიო კრიზისსა და პანდემიასაც უკავშირებენ.

ლარი დოლართან მიმართებაში ერთ დღეში თითქმის 6 პუნქტით გაუფასურდა, ანალოგიური მდგომარეობაა ევროსთან დაკავშირებითაც.

"პოლიტიკური კრიზისის ფონზე ლარსაც დარტყმა ადგება, არჩევნებამდე როგორც ვიცით ეროვნული ბანკი ბევრ რეზერვებს ხარჯავდა იმისთვის რომ არჩევნებამდე არ მომხდარიყო კურსის გაუფასურება,  ამით ეროვნული ბანკი მისი ჭკუით ეხმარებოდა ხელისუფლებას. ჩვენი მოხმარება დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული, ამიტომ როცა ლარი სუსტდება ბუნებრივია ეს იწვევს ინფლაციას,"- აცხადებს თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,  ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ ლარის გაუფასურებაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნეგატიურმა მოლოდინებმაც პანდემიის მეორე ტალღასთან დაკავშირებით.

"ლარის გაუფასურება შეგვიძლია როგორც საშინაო ასევე საგარეო ფაქტორებით ავხსნათ და მათ შორის აღსანიშნავია ნეგატიური მოლოდინებიც, რომელიც პანდემიის მეორე ტალღას უკავშირდება, ჯერ კიდევ წინ გვაქვს ზამთრის სეზონი, რომელიც მაღალი ალბათობით ჩაგვივარდება და ვერ იქნება იმ მასშტაბის როგორიც იყო შარშან. ფასების გაზრდას აქვს რამდენიმე არგუმენტი, ესაა პანდემიით გამოწვეული ეფექტი და ლარის გაუფასურებით გამოწვეული ეფექტი,"- აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

დღის ამბები