25 აპრილი 2024,   20:52
ვრცლად
ლარი გაუფასურებას განაგრძობს - ექსპერტებს ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვნად დასტაბილურების პროგნოზირება უჭირთ

ეროვნული ვალუტის კურსი, გაუფასურებას განაგრძობს. ერთი დოლარის ღირებულება სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში ამ დროისთვის 3,4 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება უკვე 4 ლარია.

პანდემია, საარჩევნო მოლოდინები, შემცირებული ფინანსური აქტივობა და რეგულაციები - ეს იმ საკითხთა ძირითადი ჩამონათვალია, რაც ექსპერტების აზრით ლარზე უარყოფითად აისახება.

სპეციალისტებს მოკლევადიან პერსპექტივაში, ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვნად დასტაბილურების პროგნოზირება უჭირთ. სამომავლოდ კი გამოსავალს ინვესტიციების მოზიდვასა და სწორ მონეტარულ პოლიტიკაში ხედავენ.

"ლარს და სავალუტო ბაზარს გათვლა და იმედი ჰქონდა იმისი, რომ ან ხელისუფლების შეცვლა მოხდებოდა და უკეთესი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა იქნებოდა ქვეყანაში, ან თუ ვთქვათ ხელისუფლების ცვლილება არ მოხდებოდა, ყოველი შემთხვევისთვის სამართლიანად ჩატარებული არჩევნები მაინც გვექნებოდა და შედეგად იქნებოდა სიწყნარე და სიმშვიდე. პირიქით, გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ერთი კლასტერი პრობლემების რაც იწვევს ლარის გაუფასურებას," - აცხადებს თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს მოლოდინი აქვს რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე ლარის გაუფასურება გარკვეული პერიოდი ისევ გაგრძელდება. ვახტანგ ჭარაიას თქმით, მოსალოდნელია ფასების ზრდაც:

"ლარის გაუფასურებაზე მოქმედებს ძალიან ბევრი ფაქტორი, ეს არი ს როგორც პანდემიით გამოწვეული ასევე ამის გარე ფაქტორებიც. ლარის გაუფასურება გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად ტოვებს ასახვას ინფლაციაზე, ანუ ფასების ზრდას იწვევს. ლარის მომდევნო გაუფასურება ჯერ კიდევ მოსალოდნელია არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როგორც პანდემიური, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური,"- აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ

დღის ამბები