16 აპრილი 2024,   08:58
ვრცლად
პირველად ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჯორჯიაში მცირე სხვაობით "დემოკრატების" კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს

პირველად ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჯორჯიაში მცირე სხვაობით "დემოკრატების" კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს. ბაიდენმა უპირატესობა 12 000 ხმით ნევადას შტატშიც მოიპოვა, ბაიდენი ლიდერობს პენსილვანიაშიც. ჯორჯიის შტატში ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს 917 ხმით გაუსწრო. მოქმედ პრეზიდენტს უპირატესობა აქვს ჩრდილოეთ კაროლინაში.

ამ დროისთვის ჯო ბაიდენს 264 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი - 214. დონალდ ტრამპი ოპონენტებს კვლავ არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს. ნევადას შტატში "რესპუბლიკელებმა" 3 000-ზე მეტი დარღვევა დააფიქსირეს, რის გამოც გენერალურ პროკურატურას საჩივრებით უკვე მიმართეს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს ყველა იმ შტატში გაასაჩივრებს, სადაც ჯო ბაიდენმა მოიგო.

ტრამპი მედიის მიერ ჩატარებულ კვლევებსაც აკრიტიკებს და მას არჩევნებში ჩარევად აფასებს. შტატების მოქმედი პრეზიდენტის თქმით, ყალბი პროგნოზების მიზანი არჩევნებზე ზეწოლა იყო, რათა შეექმნათ ილუზია, თითქოს ჯო ბაიდენი იგებს. მისივე თქმით, ის არაერთხელ ვარაუდობდა, რომ ფოსტით ხმის მიცემის პროცესი კორუფციის საფრთხეს შეიცავს. "დემოკრატები" თაღლითობაში დაადანაშაულა დონალდ ტრამპის უფროსმა ვაჟმაც, რომელიც ჯორჯიაში მხარდამჭერებს შეხვდა.

ის, ვინც ამ შეფასებას იზიარებს, პროტესტისთვის ქუჩაში გამოვიდა. აქციები მიმდინარეობს ჯორჯიაში, გამჭვირვალე არჩევნებს ითხოვენ დემონსტრანტები ნიუ იორკში. პორტლენდში და ვაშინგტონში კი ტრამპის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ ათობით მომიტინგე დააკავა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ბრძოლის მთავარი ხაზი ახლა პენსილვანიაზე გადის, სადაც ხმების 98% უკვე დათვლილია.

ოფიციალურად შეერთებული შტატები საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს 6 იანვარს დაასახელებს.

დღის ამბები