01 დეკემბერი 2020,   01:23
ვრცლად
ჩვენი ეკონომიკა უკვე გაჯანსაღების გზას დაადგა - ნათია თურნავა სავალუტო ფონდის მისიის შეფასებას გამოეხმაურა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სავალუტო ფონდის მისიის შეფასებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის თვალსაზრისით რეგიონალური ლიდერი ქვეყნის სტატუსს შეინარჩუნებს და განამტკიცებს

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან ეფექტურად განახორციელა როგორც ანტიპანდემიური, ასევე სოციალური და ანტიკრიზისული ღონისძიებები, რამაც საშუალება მოგვცა, ერთი მხრივ, გვემართა ეპიდემია და მეორე მხრივ, დავხმარებოდით მოსახლეობას. ჩვენი ეკონომიკა უკვე გაჯანსაღების გზას დაადგა სტრუქტურული რეფორმებისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების წყალობით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამის შედეგია, რომ სავალუტო ფონდის შეფასებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო შეინარჩუნებს და განამტკიცებს რეგიონალური ლიდერი ქვეყნის სტატუსს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის თვალსაზრისით - 5,3 პროცენტი იქნება ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი უახლოეს წლებში, რაც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც ერთ-ერთი მაღალი იქნება," - ასე გამოეხმაურა ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებას გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით.

შეფასების თანახმად, გლობალურ პანდემიამდე პერიოდში, საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, ხოლო საერთაშორისო  საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებულმა მნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ, ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცა, შეენარჩუნებინა ფისკალური სექტორის მდგრადობა.  მისიამ დადებითად შეაფასა ის ნაბიჯები, რომელიც მთავრობამ გადადგა სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის.

ნათია თურნავას განცხადებით, სავალუტო ფონდმა 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის კონსერვატული საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრა.

"ეს გამოწვეულია გარე ფაქტორებით. პირველ რიგში, ესაა რეგიონალური კონფლიქტები და პანდემიის ეფექტი. თუმცა ფონდის შეფასებაში ისიც არის ნათქვამი, რომ რეგიონალური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და იმ დადებითი ინფორმაციის გავრცელების კვალობაზე, რაც შეეხება ვაქცინის ხელმისაწვდომობას, ეს პროგნოზიც შეიძლება შემდგომში გაუმჯობესდეს," - განაცხადა მინისტრმა. 

დღის ამბები