25 აპრილი 2024,   04:18
ვრცლად
მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე მუშაობა უკვე დაიწყო - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერისა და ბიზნესის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

მისი ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მთავრობის გეგმას, რომლის მიხედვითაც 2021 წლიდან ეკონომიკის სწრაფი და ეფექტური აღდგენა უნდა დაიწყოს, მაღალი შეფასება მისცა. 

"პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა შევუნარჩუნოთ ჩვენს ეკონომიკას. მოგეხსენებათ, ამ ბოლო დღეებში გვქონდა ძალიან მჭიდრო მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა სტრუქტურული რეფორმების იმ გეგმას, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ იმისთვის, რომ 2021 წლიდან საქართველოს ეკონომიკის აღდგენა სწრაფი და ეფექტური ტემპით დაიწყოს და გაგრძელდეს. ასევე, შეფასებებით ნათელია, რომ საქართველოს 2021 წლიდან იმ სტრუქტურული რეფორმების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და გავაგრძელებთ, ექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

პოსტკრიზისულ ეკონომიკაში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს წლებში საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს, ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ევროპული ამბიციები რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ კრიზისის დაწყების პირველივე დღიდან განაცხადა პრინციპი რესურსების რაციონალური გადანაწილების, პირველ რიგში, როგორც ბიზნესის სამუშაო ადგილების შენარჩუნების, ასევე, ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის თვალსაზრისით. ჩვენ დავიწყეთ მუშაობის ახალი ტალღა, მეოთხე ფაზაზე მუშაობა, რომელიც პირდაპირ იქნება გამიზნული, როგორც კონკრეტულად ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის, ასევე, ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები