20 აპრილი 2024,   00:00
ვრცლად
სრული ლოკდაუნი არ იგეგმება - მთავრობის ეკონომიკური გუნდი სარესტორნო ბიზნესს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაია ცქიტიშვილი სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება განიხილა. მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სრული ლოკდაუნი არ იგეგმება.

"ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა რესტორატორებისგან დეტალურად მოისმინეს პოზიციები პანდემიის პერიოდში არსებული გამოწვევების შესახებ და განიხილეს, თუ რა სახის წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით. 

საუბარი შეეხო ქვეყანაში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. დისკუსიის დროს ხაზი გაესვა, რომ ვირუსის გავრცელების მზარდი დინამიკის ფონზე გამოწვევებია სექტორში წესების დაცვის კუთხითაც. 

შესაძლო დამატებით წერტილოვან შეზღუდვებზე მსჯელობისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, სრული "ლოქდაუნი" არ იგეგმება, რადგან სწორედ სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება," - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ.

დღის ამბები