20 აპრილი 2024,   13:11
ვრცლად
ანალიტიკოსები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობენ - ექსპერტების შეფასებით ქვეყანა ჩიხშია შესული

ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობენ ექსპერტები. ანალიტიკოსების შეფასებით, ქვეყანა ჩიხშია შესული და ერთდერთი გამოსავალი ცესკოს რეფორმირების ფონზე რიგგარეშე არჩევნებია. ისინი ყურადღებას ოპოზიცის ერთიანობაზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ თუ ოპოზიცია ამჟამინდელ ერთიანობას დაკარგავს ეს მათი ამომრჩევლის ღალატი იქნება.

"მიუხედავად საერთაშორისო მედიაციისა, ჩვენ ერთმანეთისკენ გადამდგარი ნაბიჯების მხილველი ვერ გავხდით. კომპრომისული არის ისეთი ფორმულა, როდესაც მხარეები სადღაც შუა გზაზე ხვდებიან ერთმანეთს. შესაბამისად ჩვენ გვაქვს უცნაური ვითარება როდესაც ოპოზიცია ელოდება ხელისუფლებისგან წინადადებას, ხოლო ხელისუფლება ელოდება ოპოზიციისგან მეტ მოქნილობას და გონივრულობას," - აცხადებს ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" გამგეობის თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ექსპერტი, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ერთპარტიული პარლამენტი "ქართული ოცნებისთვის" დიდი ტვირთი იქნება:

"მხოლოდ ერთი პარტიით პარლამენტის დაწყება ეს იქნება ძალიან მძიმე ტვირთი სამომავლოდ ქართული ოცნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისინი ამით დისკომფორტს ნაკლებად განიცდიან. გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები, შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად. ეს ბევრ ტვირთს მოაშორებს ქვეყანას," - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ გამოსავალი მალე უნდა მოინახოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო უფრო ღრმა ჩიხში შევა:

"ეს არის პოლიტიკური კრიზისი, რის გამოც სერიოზულად იზარალებს საქართველო, როგორც სახელმწიფო, რიგგარეშე არჩევნები არის გამოსავალი ცესკოს რეფორმირების წინაპირობით. რაც უფრო დრო გავა მით უარეს ჩიხში შევა სახელმწიფო," - აღნიშნა გიორგი რუხაძემ.

დღის ამბები