ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზეც ამოქმედდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, პრინციპი და წესები იგივე იქნება, რაც სხვა ქუჩების შემთხვევაშია.
ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მოახდინოს თავისი ავტომობილების რეგისტრაცია და მათთვის პარკირება იქნება უფასო. სხვებისთვის პირველი 15 წუთი უფასო. ასევე უფასოა შშმ პირებისთვის, A-კატეგორიის ტაქსებისთვის და ელექტრომობილებისთვის. ეს პროცესი კონკრეტულად ამ გამზირებზე დაიწყება მას შემდეგ, რაც მუნიციპალური პავილიონები მოიხსნება ვაკის რაიონში, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ზუსტი თარიღები მომავალ მთავრობის სხდომებზე გახდება ცნობილი.