28 ნოემბრიდან რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება. შეზღუდვები ორ თვეს - 31 იანვრამდე გაგრძელდება. სარესტორნო ბიზნესს, რომელსაც საბანკო ვალდებულებები აქვს, სახელმწიფო საპროცენტო განაკვეთს დაუსუბსიდირებს.
რესტორნების ასოციაციაში ამბობენ რომ დაუძლურებული ბიზნესი, ფუნქციონირების გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.
"ამ პროცესისგან ძალიან ბიზნესის ძალიან ცოტა წარმომადგენლობა თუ გადარჩება, დაახლოებით 70-80% ჩვენი სფეროში უბრალოდ ვეღარ იარსებებს, გარკვეულ შეღავათები არის, რომელიც შეიძლება ბიზნესის მფლობელებმა იგრძნონ, მაგრამ ათიათასობით მოქალაქისთვის, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ სამსახურს დაკარგავენ ეს ვერაფერი შეღავათია," - აცხადებს რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.
ფიტნესის სექტროში კი სახელმწიფოსგან საგადასახადო შეღავათებს ითხოვენ.
"გამოდის რომ ჩვენ დაკეტილები ვართ 8 თვის განმავლობაში, რაც ჩვენი კომპანიისთვის ფინანსური კოლაფსია. არსებულ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს, რომ სახელმწიფოსთან შედგეს უფრო აქტიური კომუნიკაცია და კონკრეტულად ამ სექტორისთვის შეიქმნას რაიმე ტიპის საგადასახადო შეღავათები ან თუნდაც ბანკის სესხის პროცენტის სუბსიდირება," - განაცხადა ფიტნეს-კლუბ "ოქტოპუსის" დამფუძნებელმა გიორგი ასათიანმა.