საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეზღუდვებთან დაკავშირებით კრიტიკული შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. მათი განცხადებით, მსგავსი ტიპის აკრძალვები სოციალურად ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ საზოგადოებას უფრო მეტად გაურთულებს ყოფას. მათივე განმარტებით, დაწესებული შეზღუდვები ცუდად აისახება ბიზნესსექტორსა და ეკონომიკაზე.
"იანვრის ბოლოსაც დავდგებით იმავე რეალობის წინაშე, როდესაც მთავრობამ შეიძლება თქვას, რომ კიდევ უნდა გავაგრძელოთ ლოკდაუნი ( არაფერი წერტილოვანი შეზღუდვები ეს არ არის, ეს არის ჩაკეტვა) - გავაგრძელოთ იმიტომ, რომ ისევ არ არის მზად სისტემა ამ დატვირთვას გაუძლოს," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, თინა ბოკუჩავას თქმით, შეზღუდვებს მძიმე ეკონომიკური შედეგი მოაქვს და ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფები ზარალდებიან.
"ფსევდოდახმარების პაკეტი არანაირი დახმარება არ არის - პირველი ტალღის დროსაც ადამიანებმა ვერანაირი შვება ვერ იგრძნეს," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
რაც შეეხება უმრავლესობას, მათი განმარტებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო აუცილებელი გახდა შეზღუდვების დაწესება, რათა მოხდეს გავრცელების შემცირება. "ქართულ ოცნებაში"ასევე აცხადებენ, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად დაეხმარება მოსახლეობას და ბიზნესს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გაგა კახიანის თქმით, ეს შეზღუდვები ისეა გააზრებული, რომ ხელისუფლებამ, ერთი მხრივ, ადამიანების ჯანმრთელობაზე იფიქროს და ამავე დროს, არ დაზარალდეს ეკონომიკა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
"შეზღუდვები, რომელიც მობილობას ზღუდავს, იქნება შედეგების მომტანი," - აცხადებს კახიანი.
მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები ძალაში ხვალიდან შევა.