20 აპრილი 2024,   16:42
ვრცლად
სათხილამურო კურორტებზე სასტუმროები იფუნქციონირებენ მხოლოდ კოვიდსაკარანტინო სივრცეებად ან კოვიდსასტუმროებად - მაია ცქიტიშვილი

კორონავირუსის ეპიდემიის ზრდის შესამცირებლად მიღებული შეზღუდვების ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის კურორტები ტურისტებს ვერ მიიღებენ. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მათ ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ როგორც კოვიდსაკარანტინო სივრცეებს ან კოვიდსასტუმროებს.

მისივე თქმით, სხვა სასტუმროები გააგრძელებენ ფუნქციონირებას, თუმცა, მათ რესტორნებს მომსახურების უფლება მხოლოდ მათი უშუალო დამსვენებლებისთვის ექნებათ. 

"სათხილამურო კურორტებზე სასტუმროები იფუნქციონირებენ მხოლოდ კოვიდსაკარანტინო სივრცეებად ან კოვიდსასტუმროებად. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სასტუმროები იმუშავებენ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მათი რესტორნები მოემსახურებიან მხოლოდ მათ დამსვენებლებს, მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც იმ კონკრეტულ სასტუმროებში ჩერდებიან,"- განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი იმედოვნებს, რომ 31 იანვრის შემდეგ მოცემულობა შეიცვლება და ყველა ობიექტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

"კარგად გვესმის, რომ ძალიან რთულია ამ კურორტებზე განთავსებული სასტუმროებისთვის თუ სარესტორნო ბიზნესისთვის, თუმცა ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, რადგან იანვრის ბოლომდე გრძელდება ეს შეზღუდვები და იმედს ვიქონიებ, რომ მომდევნო წლის დასაწყისიდან, თებერვლიდან ჩვენი კურორტები კვლავ იქნება მზად და მოგვეცემა იმის საშუალება, რომ კიდევ უფრო ეფექტურად ვუმასპინძლოთ როგრც შიდა, ისე საერთაშორისო მოგზაურებს,"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები