26 აპრილი 2024,   01:02
ვრცლად
ჩინეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსი ჩინეთამდე სხვა ქვეყანაში გაჩნდა - პანდემიის დაწყებიდან 1 წლის თავზე ვუჰანი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა

პანდემიის ერთი წლის თავზე ოფიციალური პეკინი კოვიდ-19-ის ჩინეთში წარმოშობის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. "გარდიანის" ცნობით, სახელმწიფო მედია ინტენსიურად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბოლო დროს კორონავირუსი იმპორტირებული საკვების შეფუთვაზე ხშირად არის აღმოჩენილი. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს კვლევა იმის შესახებ, რომ ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გარეთ არის აღმოჩენილი მანამდე, სანამ 2019 წლის დეკემბერში ვირუსის პირველი შემთხვევა ქალაქ უჰანში დაფიქსირდებოდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ჩჟაო ლიცზიანის განცხადებით, ოფიციალური პეკინი კოვიდ-19-ის წარმოშობის ადგილს, რთული და ხანგრძლივი კვლევის მიუხედავად მაინც დაადგენს.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ყოფილი მთავარი ეპიდემიოლოგის, ზენგ გუანგის განცხადებით, ის,რომ ჩინეთმა ვირუსის შემთხვევის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია პირველმა გაავრცელა არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი ჩინეთში წარმოიშვა.

ამჟამად, პანდემიიდან ერთი წლის თავზე, ქალაქ ვუჰანში ადგილობრივები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ. ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქალაქში, საიდანაც პანდემია დაიწყო, "კოვიდ-19“-ის შიდა გადაცემის შემთხვევა მაისის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ჩინეთის მთავრობის ცნობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდ-19-ის 94 000 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 4 746 ადამიანი.

დღის ამბები