21 მაისი 2022,   15:38
ვრცლად
ამ წუთებში ხუთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელს აწერს 

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიული სიების ანულირებასთთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში არიან შეკრებილები. 

საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და სიას ხსნის "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო" და "ლეიბორისტული პარტია". ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს "გირჩი". მანდატებს ინარჩუნებს ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები".

მოლაპარაკებების დასრულებამდე მანდატებზე უარს არ ამბობენ "რესპუბლიკელები", თუმცა პარლამენტში არ შედიან.

5-მა ოპოზიციურმა პარტიამ სამი დოკუმენტი გააფორმა.

პირველი დოკუმენტი არის მთლიანად ოპოზიციური სპექტრის განცხადება, რომ არჩევნები გაყალბებულია და ისინი არ აღიარებენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, ამავე დოკუმენტში წარმოდგენილია ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებიც, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით.

მეორე დოკუმენტი წარმოადგენს იმ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, ვინც არჩევნების შედეგების მიხედვით, მოიპოვეს მანდატები, თუმცა უარს აცხადებენ ამ მანდატებსა და პარლამენტში შესვლაზე.

მესამე დოკუმენტი კი წარმოადგენს პარტიულ განაცხადს, რომლითაც ისინი მიმართავენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს თამარ ჟვანია "სიების ჩახსნასთან" დაკავშირებით.

"ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ერთიანი გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ მეორე მხარეს მყოფმა ადამიანებმა კარგად გაიაზრონ, რა რეალობაში არის დღეს ქვეყანა და რა რეალობაში არის საქართველო. მე იმედს ვიტოვებ, რომ ხვალ გვექნება მოლაპარაკების შესაძლებლობა, მაგრამ ამ მოლაპარაკებაზე მეორე მხარე გაცილებით უფრო რაციონალური, კონკრეტული წინადადებით მოვა. ჩვენი მიზანი არ არის, რომ გავხლიჩოთ საზოგადოება, არამედ ჩვენი მიზანი არის, რომ გავაერთიანოთ საზოგადოება და ამისთვის ვდგამთ ამ ნაბიჯს, რასაც ვდგამთ დღევანდელ დღეს," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

"ჩვენს უკან დგას ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა და იქ არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ერთ ადამიანს წარმოადგენენ. ის არაა ერთპარტიული პარლამენტი, ის ჯერჯერობით ერთი კაცის პარლამენტს წარმოადგენს," - აღნიშნა ენმ-ს წევრმა ნიკა მელიამ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს 4 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

 

დღის ამბები