25 აპრილი 2024,   05:01
ვრცლად
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების მტკიცებით მსოფლიო ჩვეულ ცხოვრებას 2021 წლის შემოდგომამდე ვერ დაუბრუნდება

დიდი ბრიტანეთის შემდეგ კომპანია "ფაიზერის" მიერ წარმოებული პრეპარატით მოსახლეობის ვაქცინაციას კანადა, ისრაელი, ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია დაიწყებენ.

ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყანა ვაქცინას ერთდროულად მიიღებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიესალმებიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებას ვაქცინის ყველასთვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, შედეგად ვერც ერთი წევრი ქვეყანა ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით პრივილეგიებით ვერ ისარგებლებს.

ევროპულმა კავშირმა ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებით ფარმაცევტულ კომპანიებთან კონტრაქტი წინასწარ გააფორმა, მათ შორის იყო "ფაიზერი" და "ბიოტექის" მიერ წარმოებული 95%-ით ეფექტური ვაქცინის მიღებაც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია "ფაიზერის" ვაქცინას უალტერნატივოდ არ მიიჩნევს და კვლავ აგრძელებს მუშაობას ისეთი პრეპარატის შესაქმნელად, რომელიც განვითარებადი ქვეყნებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

მსოფლიოში ეფექტური ვაქცინის შექმნის მიუხედავად, ჯანდაცვის სფეროს მსოფლიო ექსპერტები აცხადებენ, რომ ჩვეულ ცხოვრებას ადამიანები 2021 წლის შემოდგომამდე ვერ დაუბრუნდებიან.

71 მილიონი ინფიცირებული და მილიონ 600 000-მდე გარდაცვლილი - მსოფლიო 2021 წელს გლობალური ტრაგედიის ფონზე ხვდება. ბოლო 24 საათში კიდევ ერთი ანტირეკორდი დაფიქსირდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 700 000 შეადგინა, COVID-19-ს რეკორდულად დიდი, 13 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები