ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ სავაჭრო ობიექტების მიერ შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში მათ მიმართ გამოიყენება როგორც ფულადი ჯარიმები, ასევე საქმიანობის შეჩერების უფლებაც.
ნათია თურნავას თქმით, შრომის ინსპექცია და სხვა მაკონტროლებელი უწყებები კანონმდებლობით აღჭურვილი იქნებიან ამ უფლებებით.
"როგორც კი პირველივე ნიშნები გაჩნდება, რომ რომელიმე სავაჭრო ობიექტი არღვევს არსებითად იმ შეზღუდვებს, რაზეც იყო დღეს საუბარი, ჩვენ სრული უფლება გვაქვს გამოვიყენოთ როგორც ჯარიმები, ასევე შეჩერების უფლებაც.
დღეს შრომის ინსპექცია, სხვა მაკონტროლებელი უწყებები არიან კანონმდებლობით აღჭურვილი იმ უფლებებით, რომ გამოიყენონ როგორც ფულადი ჯარიმები, 2 000 ლარი არის ფიზიკური პირისთვის დარღვევაზე და 10 000 ლარი იურიდიული პირისთვის დარღვევაზე, ასევე სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობაც არის გათვალისწინებული განმეორებით დარღვევაზე და ასევე საქმიანობის დროებით შეჩერება იმ კონკრეტული ობიექტის, რომელიც მასშტაბურად არღვევს ამ წესებს.
აქედან გამომდინარე ყველა ეს ზომა ჩვენს ხელთ არის, ჩვენ მაქსიმალურად ვამკაცრებთ მათ ადმინისტრირებას. მხოლო ამ პირობით შეგვიძლია ჩვენ რომ დავუშვათ წინასაახალწლო ლიბერალიზაცია," - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება დაშვებული იქნება. სავაჭრო ობიექტებში დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები, რომლის შესახებაც მან დეტალურად ისაუბრა.