25 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
საცობები დილის 7 საათიდან და ხალხმრავლობა სავაჭრო ცენტრებში

საცობები დილის 7 საათიდან და ხალხმრავლობა სავაჭრო ცენტრებში. 26 დღიანი დახურვის შემდეგ დღეს დილიდან სავაჭრო ობიექტები და მოლები გაიხსნა. უკვე ხუთი საათია მოქალაქეებს სხვადასხვა პროდუქციის ყიდვის შესაძლებლობა აქვთ.

ხალხთა ნაკადი, როგორც სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციაში აცხადებენ, მაღალი არ არის. მომხმარებელთა ნაწილი აღნიშნავს, რომ დისტანცია და სხვა უსაფრთხოების წესები დაცული იყო.

"ადამიანები, რომლებსაც სჭირდებოდათ ტრანსპორტი, იმათ ალბათ დღეს აქ ვერ ნახავთ, იმიტომ, რომ ისინი ვერ მოვიდოდნენ და ეს შეზღუდვები ყველაზე ძალიან შეეხო დაბალ ფენას, ვისაც არ ჰყავს მანქანა," - განაცხადა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

მაღაზიების შესასვლელებთან რიგებია. რეგულაციების შესრულებას სავაჭრო ობიექტების დაცვის თანამშრომლები აკონტროლებენ.

"ჩვენ ჩვენი გუნდით სრულ მზადყოფნაში და მობილიზებაში ვართ იმისთვის, რომ ყველანაირად გავაკონტროლოთ და დავიცვათ ყველა წესი, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი. ასევე მინდა თქვენი ეთერითაც ვთხოვო ჩვენს მომხმარებელს, მოვუწოდო მათ, რომ თუ არ არის გადაუდებელი საჭიროება, თავი შეიკავონ მოლებში სტუმრობისგან," - განაცხადა "სითი მოლის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა სოფო ელოშვილმა.

რაც შეეხება "თბილისი მოლს", 20 კვ.მ-ზე ერთი ადამიანი დაიშვება. გარკვეული რაოდენობის მიღწევის შემდეგ კი კარები ჩაიკეტება და გარეთ მოხდება ბარიერების საშუალებით რიგების ორგანიზება.

"მომხმარებლები დაიშვება ტერიტორიაზე 20 კვ.მ. ერთი ადამიანი. ეს 20 კვ.მ. დაითვლება სრული სავაჭრო სივრციდან, რომელზედაც განთავსებული არიან მაღაზიები და არა საერთო სივრცე. შესაბამისად, როდესაც ამ რაოდენობას მიაღწევს კარები ჩაიკეტება და მოხდება გარეთ, ბარიერების საშუალებით რიგების ორგანიზება. შემოვლენ ნაკადებით იმ რაოდენობის მიხედვით, რა რაოდენობის ხალხიც გავა," - აცხადებს "თბილისი მოლის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნატა გოგოლაშვილი.

დღის ამბები