20 აპრილი 2024,   18:49
ვრცლად
გრანდიოზული ფოიერვერკები ადამიანების გარეშე - მსოფლიო ახალ წელს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე შეხვდა

5-წუთიანი გრანდიოზული ფოიერვერკი ოკლენდის "სქაი თაუერთან" და ლაზერული შოუ ნავსადგურის ხიდზე - ასე გააცილა 2020 წელი ახალმა ზელანდიამ, სადაც ულამაზესი სანახაობა 2 ტონა ფოიერვერკის გამოყენებით შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 7-კვირიანი მკაცრი კარანტინი დასრულდა და რეგულაციებიც შემსუბუქდა, სანაპიროებთან გაცილებით ცოტა ადამიანი შეიკრიბა, ვიდრე, ტრადიციულად, წინა წლებში. ყველაზე პირველად კი ახალი წელი შობის კუნძულებზე და სამოაზე დადგა.

ყოველწლიური საახალწლო ღონისძიება გაუქმდა იაპონიასა და ჩინეთში. პანდემიის გამო ამ ქვეყნებში 2020 წელი ფოიერვერკებითა და რეგულაციების დაცვით გააცილეს.

ხარის წელი იზეიმეს არაბთა გაერთიანებულ საემიროებშიც. ყურადღების ცენტრში კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა - "ბურჯ ხალიფა" მოექცა. დუბაის ცენტრში ულამაზეს ფოიერვერკსა და ლაზერულ შოუს მოქალაქეების შეზღუდული რაოდენობა დაესწრო.

დღესასწაულის მიუხედავად, შეზღუდვები განსაკუთრებით მკაცრია ევროპაში. გერმანიაში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან ახალი წლის აღსანიშნად, ჩვეულებრივ, ათასობით ადამიანი იყრის თავს, მაგრამ წელს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბერლინი 2021-ს გამკაცრებული ლოკდაუნის ფონზე შეხვდა. ახალი წლის დადგომისას ბერლინის ქუჩები თითქმის ცარიელი იყო. ქვეყნის მთავარ კარიბჭესთან მხოლოდ სახანძრო ეკიპაჟი და 2900 პოლიციელი იყო მობილიზებული. ისინი მოსახლეობის მხრიდან კარანტინის წესების შესრულებას აკონტროლებდნენ

ახალი წლის ღამეს, ბერლინის მსგავსად, ათასობით პოლიციელი იყო მობილიზებული პარიზის ქუჩებშიც. ქვეყანაში კომენდანტის საათის გამო საახალწლო ფოიერვერკმა მოქალაქეების გარეშე ჩაიარა. ლუვრის მუზეუმში კი ცნობილმა მუსიკოსმა დევიდ გეტამ მოსახლეობას ლაზერული შოუს თანხლებით სპეციალური პერფორმანსი შესთავაზა. არტისტმა მუსიკალური ნომრები აუდიტორიის გარეშე შეასრულა. ახალი წლის ღამეს საქველმოქმედო კონცერტზე შემოსული თანხა COVID-19-ით დაზარალებულ პირებს მოხმარდებათ.

დღის ამბები