საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებაზე უმრავლესობაში მსჯელობის დაწყებას ოპოზიცია გამოეხმაურა.
"ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხათუნა გოგორიშვილი ინიციატივას მმართველი გუნდის მხრიდან ხელოვნურ შემთავაზებას უწოდებს და მისი თქმით, სანამ ოპოზიციის ყველა პირობა არ შესრულდება, ეს კონკრეტულ შედეგს ვერ მოიტანს.
"ამ ხელისუფლების პირობებში ელექტრონული არჩევნების ჩატარება არაფერს შეცვლის. არანაირი სქემა მას არ უთქვამს, რაღაც წამოაყრანტალა, 2 სიტყვა გაუგია ეტყობა, რომ სადღაც ტარდება ელექტრონულად. ეს არის უბრალოდ ხელოვნური შეთავაზება, რომელსაც არანაირი კონკრეტული შედეგი არ მოჰყვება, სანამ ყველა სხვა პირობა რომელიც დაყენებულია კრიზისის განსამუხტად არ შესრულდება," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხათუნა გოგორიშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი კი აღნიშნავს, რომ მათ პარტიაში თვითმმართველობის არჩევნების ელექტრონულად ჩატარებაზე დიდი ხანია საუბრობენ.
"ნაციონალური მოძრაობა" ელექტრონულ არჩევნებზე დიდი ხანია საუბრობს. ჩვენ პროექტიც გვაქვს შემუშავებული თუ როგორ უნდა ჩატარდეს და არ დარჩეს კითხვის ნიშანი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. თუმცა, გააჩნია რისთვის ვაკეთებთ ამას. რა თქმა უნდა, არჩევნები უნდა ჩატარდეს ელექტრონულად, ოღონდ ეს უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები," - აღნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.
”სტრატეგია აღმაშენებელის” წერვის სერგო ჩიხლაძის განცხადებით კი, ეს არის დეტალი, რომელიც დიდ გამარჯვებას ვერ მოიტანს.
"ელექტრონული არჩევნების ჩატარება, თითის ანაბეჭდი და ა.შ ეს არის პატარა დეტალები, რომელიც უნდა იყოს, მაგრამ ეს იმ საკითხსაც კი ვერ აგვარებს, რასაც საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები ჰქვია. ეს არის დეტალი, რომელიც დიდი გამარჯვება არ არის. ამიტომ, ამის გაჟღერება იმის საპირწონედ რომ პარლამენტში შემოდითო, უბრალოდ არასერიოზულია," - აცხადებს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.
თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. საკითხზე მუშაობა დაწყებულია, ვიდრე ტექნოლოგიების დანერგვაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია იზრუნებს, პარლამენტმა საკანონდებლო ბაზა უნდა მოამზადოს, შესაბამის ინიციატივაზე მმართველმა გუნდმა უკვე დაიწყო მსჯელობა.