20 აპრილი 2024,   06:00
ვრცლად
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ტრამპის გადაყენებისთვის ემზადება - კონგრესში ორი რეზოლუციაა შესული

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ტრამპის გადაყენებისთვის ემზადება. სპეციალური დადგენილებით, რომელსაც კენჭი დღეს უნდა ეყაროს კონგრესმენები ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს, მიმართავენ რომ მან დონალდ ტრამპი ხელისუფლებას ჩამოაშოროს.

კონგრესში ორი რეზოლუციაა შესული და ორივეს მიზანი დონალდ ტრამპის გადაყენებაა. ერთი მიხედვით, ამერიკელი კანონმდებლები მიმართავენ ვიცე პრეზიდენტს, რომ მან 25-ე შესწორება გამოიყენოს და თავად ჩაანაცვლოს ტრამპი ინაუგურაციამდე.

საუბარია კონსტიტუციის 25-ე შესწორებაზე. თუ ვიცე-პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, კონგრესი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას წამოიწყებს.  

"თქვენ ნახეთ, რომ ადამიანების ნაწილი როგორ ცდილობდა კაპიტოლიუმში შეჭრას და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცავებს. ეს აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არადემოკრატიული აქტი იყო, მოწოდება ამბოხისკენ. ვიცე პრეზიდენტი პენსი, თუკი მხარს არ დაუჭერს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის წესით გადაყენებას, დემოკრატებს მოუწევს გამოიყენონ თავიანთი უმრავლესობა, რათა 45-ე პრეზიდენტმა თანამდებობა იმპიჩმენტის წესით დატოვოს," - აცხადებს ამერიკის განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი კორი შექი.

ვაშინგტონში 24 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, იქიდან გამომდინარე, რომ 17-სა და 20 იანვარს აქციებია დაგეგმილი, დაკეტილია ვაშინგტონის მონუმენტი და არ არის გამორიცხული იქამდე მისასვლელი გზებიც ჩაიკეტოს.

ვაშინგტონის მერი, მურიელ ბოუსერი ამბობს, რომ ინაუგურაციის პერიოდში უნდა აიკრძალოს საზოგადოებრივი თავშეყრები.

"პირველ რიგში აუცილებელია გაფართოვდეს ეროვნული უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიების დრო და უსაფრთხოების პერიმეტრი. ინაუგურაციის პერიოდში უნდა აიკრძალოს საზოგადოებრივი თავშეყრები და ყველა სახელმწიფო დაწესებულების მიმდებარედ უნდა გაძლიერდეს სამართალდამცველთა მობილიზაცია, ინაუგურაციის პროცესი ექსცესების გარეშე უნდა წარიმართოს," - ამბობს მურიელ ბოუსერი

დღის ამბები