რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებას გეგმავს. გერმანიაში ის მძიმედ მოწამვლის შემდეგ მკურნალობის კურსს გადიოდა.
ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით თვითმფრინავში შეუძლოდ 20 აგვისტოს გახდა, როცა ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. ის ჯერ ომსკის საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც 22 აგვისტოს ბერლინში გადაიყვანეს და რამდენიმე კვირა ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. დასავლეთის ქვეყნების ლაბორატორიებმა დაადგინეს, რომ ნავალნი მოწამლეს "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული ნივთიერებით. ნავალნის მტკიცებით, მის მკვლელობას რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით ცდილობდნენ.
"კითხვა, დავბრუნებულიყავი თუ არა, ჩემ წინაშე არც არასდროს დამდგარა. უბრალოდ, იმიტომ, რომ მე არც წავსულვარ. მე გერმანიაში აღმოვჩნდი და იქ სარეანიმაციო ყუთით ჩავედი, მხოლოდ ერთი მიზეზით: მათ ჩემი მოკვლა სცადეს. მე გადავრჩი. ახლა კი პუტინი, რომელმაც ჩემი მკვლელობის ბრძანება გასცა, თავის ბუნკერში ყვირის და მსახურებზე ბრძანებებს გასცემს, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა არ დავბრუნდე. მსახურებიც ჩვეულებრისამებრ იქცევიან და ჩემ წინააღმდეგ ახალ სისხლის სამართლის საქმეებს კერავენ.
რას აკეთებენ ისინი, ნაკლებად მაინტერესებს. რუსეთი ჩემი ქვეყანაა, მოსკოვი ჩემი ქალაქია და მენატრება.
ამიტომ, დღეს დილით შევედი კომპანია Победа -ს საიტზე და ბილეთები ვიყიდე. 17 იანვარს, კვირას, მე სახლში ვბრუნდები "გამარჯვების" რეისით. დამხვდით," - აცხადებს ალექსეი ნავალნი ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.