16 აპრილი 2024,   10:33
ვრცლად
ეპიდემიოლოგები ვაქცინაციის გარდა, გეგმის აუცილებლობაზეც საუბრობენ, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა ვირუსთან ერთად ცხოვრებას შეძლებს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარდა, ეპიდემიოლოგები გეგმის აუცილებლობაზეც საუბრობენ, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს მოსახლეობის ვირუსთან ერთად ცხოვრება.

სპეციალისტები, ასევე, ამბობენ, რომ ქვეყანამ უნდა აირჩიოს ისეთი ვაქცინა, რომლის მიმართაც მოსახლეობას მეტი სანდოობა ექნება.

"ყველა დამტკიცებულ ვაქცინას ორი დოზა სჭირდება, ანუ, როდესაც ადამიანი ვაქცინას იკეთებს, ეს 28 დღის შემდეგაც უნდა გაიმეოროს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმუნიტეტი მარტო თვე-ნახევრის შემდეგ გამომუშავდება. გვჭირდება სწორი გეგმა, შესაბამისი ბიუჯეტი, დრო და მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია იმაზე, რომ ვაქცინაცია არ არის საკითხის მოგვარება, ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი საშუალება," - აცხადებს პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე.

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, იმისთვის, რომ ვაქცინამ რეალური შედეგი გამოიღოს, საჭიროა მოსახლეობის 60-70%-ის აცრა, რაც ხანგრძლივ პერიოდსა და დიდ რესურსებთანაა დაკავშირებული.

მათივე თქმით, ცალკეული ქვეყნების ვაქცინაცია შედეგს ვერ გამოიღებს და საჭიროა მოხდეს მსოფლიოს დიდი ნაწილის აცრა. 

"საზოგადოებრივი იმუნიტეტის მიღწევისთვის, მთელს მსოფლიოში იმუნური ფენა უნდა იყოს 60-დან 70%.  ამის მიღწევა 2021 წელს კი ვერ მოხერხდება. ქვეყნებმა ისეთი პრიორიტეტული ჯგუფები უნდა აირჩიონ, რომლებიც ყველაზე მეტად იწვევენ ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ინფექციით ავადობა არ გაჩერდება, მაგრამ თითქმის ნულამდე ჩამოვა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და სიკვდილობის მაჩვენებელი დაიწევს," - აღნიშნავს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

დღის ამბები