18 აპრილი 2024,   15:51
ვრცლად
სახელმწიფოს არასწორმა პოლიტიკამ წაახალისა დანაშაული მუსლიმანი მოსახლეობის წინააღმდეგ - NGO-ები გურიაში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულ დაპირისპირებაზე

გურიაში რელიგიურ ნიადაგზე მიმდინარე დაპირისპირებას მესამე სექტორში აფასებენ და ამბობენ, რომ სახელმწიფოს არასწორმა პოლიტიკამ წაახალისა დანაშაული მუსლიმანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

"ცხადია, რომ ის, როგორც მუშაობს მთავრობა რელიგიის საკითხებზე ბოლო წლებში, სრულიად საგანგაშოა, რადგანაც სწორედ ამგვარი დევნის პრაქტიკების შეწყნარებით,  სახელმწიფომ დისკრიმინაციული გამოცდილებების ნორმალიზებაც კი მოახდინა. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, მთავრობამ საკუთარ თავს დაუსვას კითხვა, თუ რა არის ამგვარი კონფლიქტების მიზეზი და აღმოფხვრას ის," - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ეს პრობლემა არ არის ახალი და ამან სისტემური ხასიათი მიიღო. მათივე თქმით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს პრევენციული ღონისძიებები და უნდა მონახოს გზა, რომელიც აღმოფხვრის მოსახლეობაში არსებულ პრობლემებს.

NGO-ები ხელისუფლებას დისკრიმინაციულ განცხადებებსა და მიდგომებში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, დაიცვას თანასწორობა.

"ეს სისტემური პრობლემაა. ის, რომ სახელმწიფომ სწორი ღონისძიებები არ გაატარა, ამან წაახალისა ის მდგომარეობა, რომელიც ახლა არის. სწორედ სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს ის დანაშაული, რომელიც მოხდა და უნდა გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რომ ეს კონფლიქტი სამართლიანად დარეგულირდეს," - აღნიშნავს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის გამგეობის წევრი მაკო ღავთაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები