რამდენიმე დღე რჩება ამერიკის რიგით 46-ე პრეზიდენტის ინაგურაციამდე - ვაშინგტონში ეროვნული გვარდია და პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. ფიცის დადების ცერემონია უსაფრთხოების უპრეცენდენტოდ გამკაცრებულ ზომების ფონზე ჩაივლის. დედაქალაქში კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. წელს დაირღვევა ტრადიცია, ფიცის დადების ცერემონიალს კაპიტოლიუმის შენობასთან არა 200 ათასი, არამედ ათასი დაესწრება.
ამერიკის შეერთებული შტატების 50-ვე შტატი ინაუგურაციის დღეს ძალადობრივ აქციებს ელოდება. გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, შესაძლოა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა შეიარაღებული მარში გამართონ. აქციებს და შეიარაღებულ დაპირისპირებას ძალოვნები დღესაც არ გამორიცხავენ, ვინაიდან გარკვეულ ონლაინ პლატფორმებზე შესაბამისი მოწოდებები უკვე გაისმა.
დედაქალაქში კი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის 25 000 წარმომადგენელია მობილიზებული. განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს პოლიციაც. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მერილენდის, ნიუ-მეხიკოსა და იუტას გუბერნატორებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. გარკვეული შეზღუდვები დაწესდა დანარჩენ შტატეტებშიც. ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი კი მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ.
"ვფიქრობ ეტაპობრივად ქალაქი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. პარალელურად, ჩვენ ქვეყანას უწევს გამკლავება არსებულ პრობლემებთან. მათ შორის კი ყველაზე დიდი დატვირთვა დაზვერვისა და უსაფრთხოების აპარატზე მოდის. ისინი ყველაზე მეტად აცნობიერებენ შტატების წინაშე არსებულ საფრთხეს. ვწუხვარ რომ უსაფრთხოების ზომებს გამო ობიექტები ციხე სიმაგრეებად ვაქციეთ,მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება" - აცხადებს ვაშინგტონის მერი მიურიელ ბოუზერი.
ხელისუფლების გადაბარების მშვიდობიან პროცესს დონალდ ტრამპი არ დაესწრება. ამის შესახებ მან რამდენიმე კვირით ადრე განაცხადა, სამაგიეროდ ღონისძიებაზე წასვლას მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გეგმავს. რაც შეეხება ამერიკის 45-ე პრეზიდენტს ის ვაშინგტონს ინაუგურაციის დღეს 20 იანვარს, დილის საათებში დატოვებს. მედიის ინფორმაციით, ტრამპი ფლორიდაში აპირებს გადაბარგებას - წასვლამდე კი გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას მერილენდის შტატში გამართავს.