19 აპრილი 2024,   00:07
ვრცლად
მეტალის ღობე და პოლიციის ფურგონები - მოსკოვში ალექსეი ნავალნის დასახვედრად ემზადებიან

მოსკოვის აეროპორტ "ვნუკოვოსთან", სადაც დღეს საღამოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უნდა ჩაფრინდეს, პოლიციის ფურგონები დგას, აეროპორტის პარკინგს კი მეტალის ღობე შემოავლეს. ინფორმაციას ამის შესახებ Tvrain.ru ავრცელებს.

ასევე, Tvrain.ru-ს ინფორმაციით, გუშინ სანკტ-პეტერბურგში დააკავეს ალექსეი ნავალნის ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელი და მისი მხარდამჭერი აქტივისტები. მათი დაკავება მატარებელში მოხდა, რომლითაც ისინი მოსკოვში ალექსეი ნავალნის დასახვედრად მიდიოდნენ. კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს პულკოვოს აეროპორტში.

15 იანვარს აეროპორტ "ვნუკოვოს" პრესსამსახურმა აუკრძალა ჟურნალისტებს აეროპორტში გადაღება, საზოგადოებას კი აეროპორტში შეკრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. კომპანიამ ნავალნის შეხვედრა მასობრივ ღონისძიებად მიიჩნია, რომელიც პანდემიის გამო არ უნდა ჩატარდეს.

არ არის გამორიცხული, რომ რუსი ოპოზიციონერი მოსკოვში ჩასვლისას დააკავონ. დეკემბრის თვეში რუსეთის ფედერალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ნავალნის  რუსეთში დაუყოვნებლივ დაბრუნება მოთხოვა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მას პირობითი პატიმრობის წესების დარღვევის გამო ციხეში ჩასვამენ.

რუსეთში დაბრუნების შესახებ განცხადება ალექსეი ნავალნიმ 13 იანვარს გააკეთა, როგორც მან ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ბილეთები კომპანია  Победа -ს საიტზე იყიდა

"17 იანვარს, კვირას, მე სახლში ვბრუნდები "გამარჯვების" რეისით. დამხვდით,"- მიმართა ოპოზიციონერმა მხარდამჭერებს.

ალექსეი ნავალნი  მძიმედ მოწამვლის შემდეგ მკურნალობის კურსს გერმანიაში გადიოდა. ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით თვითმფრინავში შეუძლოდ 20 აგვისტოს გახდა, როცა ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. ის ჯერ ომსკის საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც 22 აგვისტოს ბერლინში გადაიყვანეს და რამდენიმე კვირა ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.

დასავლეთის ქვეყნების ლაბორატორიებმა დაადგინეს, რომ ნავალნი მოწამლეს "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული ნივთიერებით. ნავალნის მტკიცებით, მის მკვლელობას რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით ცდილობდნენ.

დღის ამბები