20 აპრილი 2024,   12:42
ვრცლად
იქნება თუ არა პოლიტიკურად ცხელი გაზაფხული - ოპოზიცია განმარტებებს აკეთებს

"ძალიან ცხელ პოლიტიკურ გაზაფხულთან" და "მშვიდობიან რევოლუციასთან" დაკავშირებით მორიგ განმარტებებს აკეთებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, რომ ამ კონტექსტში ნახსენები სიტყვა "რევოლუცია" არასწორად იყო აღქმული და მათი ქმედებები კონსტიტუციის ფარგლებს არ გასცდება. 

"ნებისმიერ შემთხვევაში ველოდები "ცხელ გაზაფხულს", იქნება "ცხელი გაზაფხული" პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, ვინაიდან ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების უფსკრულისკენ მიექანება. გამორიცხულია, საქართველოს ხელისუფლება ამ პრობლემებს გაუმკლავდეს. შეუძლებელია, პრობლემების შემქმნელი ხელისუფლება იყოს იმ დიდი კრიზისის მომგვარებელი, რომელიც ჩვენ გველოდება წინ, ამიტომ ველოდები მხოლოდ ცხელ გაზაფხულს," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ.

"მანიფესტაციები, კონსტიტუციის ფარგლებში, მშვიდობიანი ფორმით, იქნება მუდმივი, მანამ სანამ არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები," - განაცხადა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ და დაამატა, რომ არაკონსტიტუციური რევოლუციური სცენარი არ იქნება ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერილი.

თაკო ჩარკვიანის თქმით, "დამხობის გარეშე, სახალხო აჯანყებით შეიძლება კორუფციაში ჩაფლული რუსული ხელისუფლების გასტუმრება."

თუმცა, ამავე დროს ფრაზა "მშვიდობიან რევოლუციას" გონებამახვილურ სისულელედ და პიარზე გათვლილად მიიჩნევს "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

"რევოლუცია, რომლის დაგეგმვის დროს რევოლუციონერები არ ფიქრობენ ძალის გამოყენებაზე, არის განწირული წაგებისთვის. მშვიდობიანი რევოლუცია, რომელზეც ახლა ძალიან ხშირად საუბრობენ არის უბრალოდ პიარი, თუმცა თუ აღმოჩნდება, რომ რევოლუციური სცენარით მიდის ქვეყანა, ბუნებრივია, ჩვენც ვიქნებით ჩართული," - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციის გეგმებზე საუბრის დროს "ცხელი გაზაფხულის" შესახებ მამუკა ხაზარაძემ, "მშვიდობიანი რევოლუციის" თაობაზე კი ზურაბ ჯაფარიძემ ისაუბრა.

დღის ამბები