19 აპრილი 2024,   19:29
ვრცლად
2 დღე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად - პარლამენტი მიმდინარე კვირას ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭს უყრის

2 დღე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად - პარლამენტი მიმდინარე კვირას ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭს უყრის.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც მათ სადეპუტატო მანდატები შეუწყდებათ, პოლიტიკური პროცესი პარლამენტს გარეთ გადაინაცვლებს და ოპოზიცია სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს.

გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტების თქმით, თუ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ჩაინიშნა, აუცილებელია "ქართული ოცნება" კონკრეტული წინადადებით წარდგეს, სხვა შემთხვევაში შეხვედრას აზრი არ აქვს.

"მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არ არსებობს.  რაც შეეხება საგანგებო სესიას, სადაც ეს საკითხი უნდა განიხილონ, ძალიან კარგია, რომ საბოლოოდ დაადგება საშველი და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი და დაესმება წერტილი, იმიტომ, რომ ორი თვეა ველოდებით გადაწყვეტილებას, როდის შეგვიწყვეტენ სადეპუტატო უფლებამოსილებას და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ოფიციალურად გაფორმდება ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი და ამის შემდეგ პოლიტიკური პროცესები და მთელი პოლიტიკური დატვირთვა გადაინაცვლებს პარლამენტს გარეთ, ოპოზიცია ამისთვის ემზადება, ოპოზიციურ პარტიებს გვექნება ძალიან აქტიური კონსულტაციები იმის მიმართულებით, თუ რა გეგმით ვაპირებთ ბრძოლას იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაინიშნოს ახალი არჩევნები," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, "ქართულ ოცნებას", დროზე განიხილონ მანდატების საკითხი, ისედაც ყველანაირი ვადა გასულია და იწურება, დროზე განიხილონ და დააკმაყოფილონ ის მოთხოვნა, წერილები ოპოზიციური პარტიების დეპუტატების, რომელიც 2 თვის წინ დაიწერა, ამით ბოლო მოეღება საბოლოოდ სპეკულაციებს, ჭორიკნობას, და ამ მეორე-მესამეხარისხოვან თემებს, რომ ვიღაცა შედის, ვიღაც არ შედის,...

როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" აღარ აპირებს ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას, ასე ჩანს, სამწუხაროდ, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ.

"უახლოეს დღეებში მოხდება ოპოზიციური პარტიების შეკრება, რომელზეც უნდა დაიგეგმოს მომავალი გეგმები, რაც უნდა განახორციელოს ოპოზიციამ და ასევე, ქმედებებიც უცვლელი რჩება - ეს უნდა იყოს ქუჩაში განახლებული აქტივობები, როგორც მიტინგების, მანიფესტაციების სახით.

მეხუთე რაუნდს რაც შეეხება, ფაქტობრივად, ეს ჩვენი გადასაწყვეტი ვერ არის, ველოდებით, თუმცა აქ მთავარი ის არის, თუ რა წინადადებებით წარდგება "ქართული ოცნება" მეხუთე რაუნდზე, იმიტომ, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის, რა თქმა უნდა, არაფერს იძლევა," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ლაშა დამენიამ.

შევა თუ არ შევა ოპოზიცია პარლამენტში - საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ზუსტად 2 დღე რჩება. 27 თებერვალს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე 51 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭი უნდა უყაროს. 60-დან 51-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტს ამ მოთხოვნით თავად მიმართა. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ აქვთ დაწერილი "მოქალაქეებს" და "გირჩის" 3 წევრს. დღეს, 14:00 საათზე, უმრავლესობამ ბრიფინგი ჩანიშნა, რომელზეც, სავარაუდოდ, მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას გამოაცხადებს და პროცედურებს განმარტავს.

დღის ამბები