24 აპრილი 2024,   16:56
ვრცლად
ცვლილებები მხოლოდ მათთვის, ვინც პარლამენტში ოპოზიციურ ფლანგს შეავსებს - რას აცხადებენ ექსპერტები

ცვლილებები მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის და მხოლოდ მათთვის, ვინც საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციურ ფლანგს შეავსებს.

რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.

რეგლამენტის მიღების შემდეგ უფრაქციო დეპუტატებს შეეძლებათ წარადგინონ ან თავად გახდნენ ვიცესპიკერები, ასევე დაიკავონ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის საპარლამენტო თანამდებობები.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ ოპოზიციის ქმედითობის გაზრდისთვის სხვა მექანიზმების გამოყენებაა საჭირო.

"მესამე მოადგილეს კომიტეტში და მეოთხე ვიცესპიკერს არავითარი პოლიტიკური ფუნქცია არ აქვს ისეთი, რომელიც მის ჩართულობას გაზრდის საპარლამენტო ცხოვრებაში. ეს არის თანამდებობების გადაგდება ოპოზიციისთვის მის დასაშოშმინებლად. თუ გვინდა ოპოზიციის ქმედითობის გაზრდა ამისთვის არსებობს სხვა მექანიზმები. კომიტეტის თავმჯდომარეობა იმ პროპორციით, რა პროპორციითაც არიან ისინი საკანონმდებლო ორგანოში,"-აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი კოტე ჩოკორაია აცხადებს, რომ კონკრეტული ჯგუფისთვის უპირატესობების მინიჭება, ნიშნავს კონსტიტუციის გვერდის ავლით ნაბიჯების გადადგმას.

"კონკრეტული ჯგუფისთვის იმ უპირატესობების მინიჭება რაც ფრაქციას უნდა ჰქონდეს, ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციის გვერდის ავლით ხდება ნაბიჯების გადადგმა. ასე ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია და ეს არის სამწუხარო ფაქტი. იქმნება ილუზია, რომ პარლამენტი არ არის ერთპარტიული და არის უზრუნველყოფილი ოპოზიციისთვის წარმომადგენლობა,"-აღნიშნა კოტე ჩოკორაიამ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
გურამ მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ საპარლამენტო ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა თავიანთი სპიკერი წარადგინონ.

"აქამდეც ასე იყო, რომ პირველი ვიცესპიკერის წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს. თუმცა მეორე და შემდგომი ვიცე-სპიკერების ოდენობები არის თანაბრად გადანაწილებული. ორ სპიკერს ირჩევს საპარლამენტო ოპოზიცია, ორს უმრავლესობა. ახლა ვაძლევთ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფებს იმის საშუალებას, რომ მათ თავიანთი კანდიდატი წარადგინონ ამ პოზიციაზე,"-აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები