19 აპრილი 2024,   03:13
ვრცლად
ვფიქრობ, რომ ბატონმა იაგომ გემრიელად იხუმრა - შალვა ნათელაშვილი

"ნაციონალური მოძრაობისა" და "გირჩის" ლიდერებს შორის დაპირისპირებას ოპოზიციურ სპექტრშიც გამოეხმაურნენ. მათი ნაწილი დაპირისპირებას არასერიოზულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს მცირედი გაუგებრობა იყო, რომელიც მალე აღმოიფხვრება.

"მე ვფიქრობ, რომ ბატონმა იაგომ გემრიელად იხუმრა ბატონ ნიკასთან დაკავშირებულ საუბარსა და მის შედეგებზე. ახლა ოპოზიციაში არც ერთი ლიდერი იმას არ დაიჯერებს, რომ შეუძლია მას მეორე ლიდერმა რაიმე ფიზიკური საფრთხე შეუქმნას და მით უფრო, მის მოსაგერიებლად დასჭირდეს ცეცხლსასროლი იარაღი. ახასიათებს იუმორის სხვადასხვა ფორმატი ნებისმიერ ადამიანს და განსაკუთრებით ჩვენი ოპოზიციის ლიდერებს. უნდა ავხსნათ ჩვენ ალბათ, აი ამ მეგობრული შარჟით ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სერიოზულად აღნიშნული ზრახვა, რა თქმა უნდა, გამორიცხულია," - აცხადებს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, მსგავსი ტიპის დაპირიპისპირებები ოპოზიციურ ერთობაში დისონანს ვერ შეიტანს და ოპოზიცია დღემდე რჩება მთავარი საერთო მიზნის, - ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის ერთგული.

"ოპოზიციური პარტიები არ არის ერთი, რაღაცა გაერთიანება, რომელსაც საერთო აზრი უნდა გვქონდეს. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ამ შემთხვევაში ერთი სტრატეგიული მიზანი გვაქვს და ვართ ერთიანები, თუ არა სხვა საკითხებზე არ უნდა გაგიკვირდეთ, ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური და პრინციპული სხვაობები.

რაც შეეხება იაგოს და ნიკა მელიასთან დაკავშირებულ ფაქტს, მე არ მგონია, რომ სერიოზულად საუბრობდა ამ ფაქტზე იაგო, თუ რამე სერიოზულია, ამაზე თვითონ ისაუბრებენ," – აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები