01 მარტი 2021,   04:41
ვრცლად
თავზე ნაგვის დაყრის ინციდენტი - ბათუმში ირაკლი ფანგანის სასამართლო პროცესი იწყება 

ამ წუთებში, ბათუმში ირაკლი ფანგანის სასამართლო პროცესი იწყება. პირს, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს შეურაცხყოფა მიაყენა, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება, რაც ძალადობით დევნას გულისხმობს.

სასჯელად შესაძლებელია სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან შინა პატიმრობა იყოს გამოყენებული.

ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს, საფუძველი პროკურატურის მიერ გირაოს მოთხოვნა გახდა.

"დამნაშავე არ ვარ, ეს იმიტომ გავაკეთე რომ ჩემს თანამებრძოლებს შეურაცხყოფა მიაყენა. დღე და ღამე, სამი თვეა იქ ვდგავართ, აქციებს ვატარებთ ყინვაში, თოვლში, წვიმაში. ამ ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ყველას და მეც ავიღე და დავაყარე ნაგავი თავზე. თუ კიდევ განმეორდება ასეთი რამ, ისევ იგივეს გავაკეთებ,“ - განაცხადა ირაკლი ფანგანმა.

ირაკლი ფანგანის ადვოკატი, მალხაზ ზოიძე ამბობს, რომ თუ ბათუმის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ გირაოს გამოიყენებს, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

"პროკურატურის მხრიდან მოთხოვნილია გირაო. გირაოს ოდენობა ჩემთვის ცნობილი არ არის და არც არის მნიშვნელოვანი. ვინაიდან, დაცვის მხარე ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების არ გამოყენებას, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით არ მტკიცდება ვარაუდის საფუძველზეც კი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედება. შესაბამისად, მოთხოვნილი გირაოს ოდენობა, თუნდაც იყოს ეს მინიმალური ოდენობა, ჩვენი მხრიდან არ დავეთანხმებით,“ - განაცხადა მალხაზ ზოიძემ. 

დღის ამბები